რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკ ვლადიმერ სარჩიმელიას ბიოგრაფია და მისი მოგონებები პირველი მსოფლიო ომის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.51364/sourcestudies/CDUJ6995ანოტაცია
ყოფილ საბჭოთა კავშირში და მის შემდგომ პერიოდში პირველი მსოფლიო ომის შესახებ შედარებით ცოტა რამ დაიწერა. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ ჯერ ბოლშევიკურ რუსეთში, შემდეგ კი საბჭოთა კავშირში ისტორიკოსები რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებულ ომებს კვლევის ღირს თემად ნაკლებად მიიჩნევდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. თითქმის არაფერი ვიცით იმ ქართველების შესახებ, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში იბრძოდნენ. დაუდასტურებელი მონაცემებით, ომში მონაწილეობდა 150 000-დან 250 000-მდე ქართველი; მათ შორის 102 გენერალი და ათასობით ოფიცერი. წინამდებარე ნაშრომი ამ სიცარიელის ნაწილობრივ შევსებას ისახავს მიზნად. სტატიაში განხილულია პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქართველი ოფიცრის, ვლადიმერ სიმონის ძე სარჩიმელიას ცხოვრება და მის მიერ ხელმძღვანელობით ჩატარებული ერთი საბრძოლო ოპერაციის დეტალური აღწერა. რამდენიმე წლის წინ თბილისის ბუკინისტთან მოვიპოვე ვ. სარჩიმელიას გამოუქვეყნებელი, მანქანაზე ნაბეჭდი და აკინძული რუსულენოვანი მოგონებები, რომლებიც სტატიის ძირითადი წყაროა. იმის გათვალისწინებით, რომ ნაშრომი დაწერილია ქართველი პოლკოვნიკის მიერ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტზე იბრძოდა და აღწერილი მოვლენების უშუალო მოწმე იყო, „მოგონებების“ მნიშვნელობა პირველი მსოფლიო ომის ისტორიისათვის უაღრესად დიდია. ვ. სარჩიმელიას სამხედრო კარიერა ასე ვითარდებოდა: სამხედრო მომზადება 20 წლის ასაკში, 1889 წლის 30 დეკემბერს დაიწყო; პოდპორუჩიკი იყო 1895 წლის 1 სექტემბრიდან; პორუჩიკი — 1899 წლის 1 სექტემბრიდან; შტაბს-კაპიტანი — 1903 წლის 1 სექტემბრიდან. ეს სია 1912 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით იყო შედგენილი. თუმცა გაურკვეველი მიზეზით მასში არ არის აღნიშნული, რომ ვ. სარჩიმელია 1911 წლის 4 ივნისს კაპიტნის წოდებამდე დააწინაურეს. ამ დროს იგი კვლავ 154-ე დერბენტის ქვეით პოლკში მსახურობდა. 1933 წელს დაწერილი მოგონებების შესავალსა და ძირითად ტექსტში ვ. სარჩიმელია აღნიშნავს, რომ „მეფის არმიის პოლკოვნიკი“ იყო. დოკუმენტურად უცნობია, რომელ წელს მიიღო ეს წოდება, თუმცა მოგონებებიდან ჩანს, რომ 1917 წელს მას უკვე პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა. ვ. სარჩიმელიას მოგონებების საფუძველზე აღვადგინე 1916 წლის იანვარში სოფელ პუსიდერესთვის ბრძოლის მოვლენები. ეს ბრძოლა სპეციალურად შევარჩიე, რადგან საქართველოში და რუსეთში გამოცემულ სამხედრო ლიტერატურაში იგი არ არის მოხსენიებული; მიზეზი ისაა, რომ რუსულმა მხარემ პუსიდერეს ბრძოლა წააგო. ამ ბრძოლაში ვ. სარჩიმელია დაიჭრა. სტატიაში ასევე განხილულია ბათუმის დაცვისათვის მზადება და ვ. სარჩიმელიას, აგრეთვე გენერალ გ. კვინიტაძის უარყოფითი დამოკიდებულება უმაღლესი სარდლობის გეგმისადმი.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .