ლანდშაფტის არქეოლოგიის მეთოდოლოგია ფარავნის არქეოლოგიური ძეგლების კვლევის კონტექსტში
DOI:
https://doi.org/10.51364/sourcestudies/ZMOO6810ანოტაცია
ლანდშაფტის არქეოლოგია გვთავაზობს მეთოდოლოგიურ ჩარჩოს ფართო ტერიტორიებზე არქეოლოგიური ძეგლების სივრცითი განაწილების ანალიზისა და მათი თემატური და ქრონოლოგიური კლასიფიკაციისათვის. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნებოდა ფარავნის რეგიონში 2018-2020 და 2022-2023 წლებში განხორციელებული ჩვენი გეოარქეოლოგიური პროექტები. კვლევის შედეგად გამოვლინდა არქეოლოგიური მნიშვნელობის რამდენიმე ასეული ობიექტი. დისტანციურად შესწავლილ იქნა 30 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია და GIS პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შეიქმნა გეოსივრცითი მონაცემთა ბაზა. შეგროვებული მონაცემების ანალიტიკური დამუშავება აჩვენებს, რომ ფარავნის ტბის მიდამოებში დასახლებები ზღვის დონიდან დაახლოებით 2 100-2 450 მეტრის სიმაღლეზეა განაწილებული, ხოლო სამარხები შედარებით დაბალ ნიშნულებზე — 2 070-2 320 მეტრს შორის — გვხვდება. ასეთი კანონზომიერებები პრაქტიკულ გარემოებრივ და კულტურულ მიზეზებზე მიუთითებს, რაც შემდგომ კვლევას საჭიროებს. საყურადღებოა, რომ ფარავნის აუზში გამოვლენილი არქეოლოგიური ძეგლების უმრავლესობა ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ეს კონცენტრაცია შესაძლოა კლიმატურ ცვლილებებს, განსაკუთრებით დათბობის პერიოდებს უკავშირდებოდეს. შედარებით რბილი და ნოტიო კლიმატი, უფრო მდიდარი მცენარეულობით, სავარაუდოდ, ხელს უწყობდა ადამიანის უფრო მდგრად და ხანგრძლივ დასახლებას. ჩვენი აზრით, კვლევა ხელს უწყობს არქეოლოგიურ კვლევაში ახალი ტექნოლოგიების — მათ შორის დისტანციური ზონდირებისა და სივრცითი მონაცემების ანალიზის — ინტეგრაციას. ეს ინტეგრაცია აფართოებს ლანდშაფტის არქეოლოგიის მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს და მომავალ კვლევებს უფრო პრაქტიკულს, ხელმისაწვდომსა და ინფორმაციულს გახდის. ამასთანავე, შემოთავაზებული კვლევა გარემო პირობებთან ადამიანის ადაპტაციის სოციალურ-კულტურული ასპექტების შესწავლის მულტიდისციპლინურ მიდგომას უწყობს ხელს. იგი მიზნად ისახავს პასუხის გაცემას ჯავახეთის პლატოს ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევისას წამოჭრილ ფუნდამენტურ კითხვებზე: როგორ მოქმედებს გარემო ფაქტორები საზოგადოების განვითარებაზე და როგორ აისახება ეს გავლენა არქეოლოგიურ მასალაში? როგორ შეიძლება გარემოს ცვლილებებით ჩამოყალიბებულ კონკრეტულ გეოგრაფიულ კონტექსტებში არქეოლოგიური ნაშთების შესწავლით ისტორიული პროცესების რეკონსტრუქცია? კვლევის შედეგად მიღებული სივრცითი მონაცემები სხვადასხვა თემატური რუკისა და ვიზუალური მასალის შექმნის საშუალებას იძლევა. მიუხედავად ამისა, კვლევის პროცესში წამოჭრილი მრავალი საკითხი პასუხგაუცემელი რჩება, რაც შემდგომი ინტერდისციპლინური კვლევის აუცილებლობას უსვამს ხაზს.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .