ჟორჟ ბელის ცნობები თბილისი შესახებ L’Illustration, Journal Universel-ის (1868) ფურცლებზე

ავტორები

  • ირინე ნაჭყებია გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.51364/sourcestudies/IYCC7174

ანოტაცია

XIX საუკუნეში სხვადასხვა მიზნით საქართველოში მოგზაურ ევროპელთა თხზულებები ქვეყნის გეოგრაფიის, ისტორიის, ქალაქების, მოსახლეობის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა საკითხების შესახებ მრავალმხრივ ინფორმაციას შეიცავს. მოგზაურები აკვირდებოდნენ თბილისის მოსახლეობის სოციალურ-რელიგიურ შემადგენლობას და ქალაქში რელიგიური არქიტექტურის მნიშვნელოვან მრავალფეროვნებას აღნიშნავდნენ. 1868 წლის 5 და 12 სექტემბერს ფრანგულ ყოველკვირეულ ჟურნალში L’Illustration, Journal Universel ფრანგი ჟურნალისტის ჟორჟ ბელის (1824-1889) ორი წერილი გამოქვეყნდა სათაურით „ათი დღე თბილისში“ (Dix jours à Tiflis). პირველ წერილში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ მისი ნარატივი კავკასიის ომების მონაწილე ახალგაზრდა პოლონელი ოფიცრის მოგონებებს ეფუძნებოდა. ორივე წერილი შეიცავს ცნობებს თბილისის შესახებ, მათ შორის ქალაქის მშრომელი მოსახლეობის რელიგიის, წეს-ჩვეულებებისა და საქმიანობის თაობაზე. ჟურნალისტი თბილისის ორ მნიშვნელოვან სანახაობას ახსენებს: მტკვარზე მცურავ წისქვილს და აღმოსავლეთიდან მოსულ ქარავნებს, რომლებიც მდინარის ნაპირზე ბანაკდებოდნენ. ქალაქის საინტერესო სანახაობებს შორის დასახელებულია რელიგიური ნაგებობები — თათრების მეჩეთი, მეტეხის ეკლესია და წმინდა დავითის მონასტერი. საყურადღებოა ავტორის დაკვირვება, რომ თბილისი იყო ქალაქი, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანთა სიახლოვის მიუხედავად, დაპირისპირება და ძალადობა, რაც მსგავს გარემოში სხვაგან ხშირად ხდებოდა, იშვიათი იყო. არსებული მონაცემებიდან ჩანს, რომ XIX საუკუნის თბილისს მნიშვნელოვანი მულტიკულტურული ფუნქცია ჰქონდა: აქ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანები თანაცხოვრობდნენ და ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი იყო. ჟორჟ ბელის წერილებს ახლავს ცნობილი რუსი მხატვრისა და მწერლის ვასილი ვასილის ძე ვერეშჩაგინის (1842-1904) ნახატებზე დაფუძნებული სამი კოლაჟი. მათზე წარმოდგენილია თბილისის სხვადასხვა მცხოვრები, ხელოსანთა დამახასიათებელი სამოსი და ჟანრული სცენები. პირველი წერილი ორ კოლაჟს შეიცავს, ხოლო მეორე — მესამეს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-08-17

გამოცემა

სექცია

წყაროთა თარგმანი და წარდგინება