საინტერესო გამოკვლევა შუა საუკუნეების საისტორიო აზროვნების შესახებ
ანოტაცია
2024 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის ეგიდით გამოიცა შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრისა და თსუ-ის დოქტორანტის, თეა გოგოლიშვილის წიგნი „ქართველი მემატიანისა და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ანონიმი ისტორიკოსის პროვიდენციალური მსოფლხედვა“. თანამედროვე ეპოქაში მეცნიერების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია ადგილობრივი აკადემიური მიღწევების შენარჩუნებასა და დასავლური მეცნიერების დადებითი გამოცდილების გააზრებულ ათვისებაზე. გამონაკლისი არც ისტორიული მეცნიერებაა. მრავალი ათწლეულის განმავლობაში იგი მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის შეზღუდვების პირობებში ერთმხრივად ვითარდებოდა. მართალია, ვერ ვიტყვით, რომ საბჭოთა პერიოდის ქართულ ისტორიოგრაფიას ღირებული არაფერი შეუქმნია, თუმცა აშკარაა, რომ პოლიტიკური და იდეოლოგიური დიქტატი დისციპლინაზე გავლენას ახდენდა და მის განვითარებას ზღუდავდა. საბჭოთა კავშირის დაშლამ ახალი ინტელექტუალური გარემო შექმნა და მეცნიერება ერთი იდეოლოგიის დომინირებისაგან გაათავისუფლა. ეს ცვლილება ისტორიულ კვლევებშიც აისახა — გაჩნდა ახალი თეორიები და მიდგომები, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. ამიტომ განსაკუთრებით მისასალმებელია თეა გოგოლიშვილის მცდელობა, შუა საუკუნეების ისტორიული აზროვნება ახალი და ორიგინალური ხედვით შეისწავლოს. მისი მონოგრაფია გამორჩეული ნაშრომია, რომელშიც ავტორი შედარებით-ისტორიული მეთოდოლოგიის გამოყენებით იკვლევს შუა საუკუნეების მსოფლხედვის მენტალურ წარმოდგენათა ფართო სპექტრს. ნაშრომის ღირსება სიახლეშია: მასში დასმული საკითხები ქართულ მეცნიერებაში მანამდე არ ყოფილა სპეციალურად შესწავლილი. ავტორი თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრავს კვლევის მიმართულებებს და კონცენტრირებულ ანალიზს გვთავაზობს. შედარების ერთ მხარეს დგას ქართველი ანონიმი ავტორის ე.წ. „ასწლოვანი მატიანე“, ხოლო მეორეს — უცნობი ჯვაროსანი ისტორიკოსის Gesta Francorum et aliorum Hierosolymitanorum. გოგოლიშვილის კვლევის ღირებულება იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი წარმატებით სცდება მხოლოდ პოზიტივისტურ, ფაქტზე ორიენტირებულ მიდგომას და ცდილობს წყაროების უკან მდგომ მენტალობაში შეღწევას — მიმართულებას, რომელიც ინოვაციური და მეტად საყურადღებოა. ნაშრომი შედგება შესავლისაგან, შესაბამის ქვეთავებად დაყოფილი სამი თავისაგან, დასკვნისაგან, ინგლისურენოვანი რეზიუმესაგან, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლისა და ბიბლიოგრაფიისაგან. მონოგრაფია გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „ომის პროვიდენციალური აღქმა XI-XIII საუკუნეების ქართველ და ჯვაროსან ისტორიკოსებთან“ მხარდაჭერით. ვფიქრობთ, თეა გოგოლიშვილის კვლევა ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართულ ისტორიოგრაფიაში და ხელს შეუწყობს განხილული საკითხებისადმი შემდგომ მეცნიერულ ინტერესს. გამოცემა საინტერესო იქნება არა მხოლოდ შუა საუკუნეების ისტორიისა და ისტორიოგრაფიის სპეციალისტებისთვის, არამედ შუა საუკუნეებით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვისაც.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
წიგნების მიმოხილვა
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .