გრაფი ლუი-ფრანსუა დე ფერიე სოვებეფის მისია აღმოსავლეთის ქვეყნებში 1782-1789 წლებში და მისი ცნობები საქართველოს შესახებ
ანოტაცია
საქართველოს შესახებ ვრცელი ცნობები პარიზსა და ამსტერდამში XVII-XVIII საუკუნეებში გამოქვეყნდა, რაც ფრანგი მოგზაურების, ჟან-ბატისტ ტავერნიეს (პარიზი, 1677), ჟან შარდენის (ამსტერდამი, 1711) და ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორის (ამსტერდამი, 1717) თხზულებებს უკავშირდება. მათ გარდა პარიზში გამოიცა ლიონელი მღვდლის, ანდრე დე კლოსტრისა (პარიზი, 1742) და იზმირში საფრანგეთის კონსულის, შარლ დე პეისონელის (პარიზი, 1854; პარიზი 1787), თხზულებები.
XVIII საუკუნის მიწურულს, ლუი XVI-ისა და საფრანგეთის საფრანგეთის საგარეო ურთიერთობების სახელმწიფო მდივნის, გრაფი შარლ გრავიე დე ვერჟენის დავალებით 1782 წელს ფრანგი ოფიცერი, გრაფი ლუი-ფრანსუა დე ფერიე სოვებეფი ოსმალეთის იმპერიასა და ირანში გაემგზავრა. მისი საიდუმლო მისიის მიზანი ამ სახელმწიფოების, რეგიონში არსებული ვითარებისა და სპარსეთის ყურეში საფრანგეთის ვაჭრობისთვის ხელსაყრელი პირობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება იყო.
აღმოსავლეთის ქვეყნებში რამდენიმე წლიანი მოგზაურობის შემდეგ გრაფი დე ფერიე სოვებეფი საფრანგეთში 1789 წლის 5 მაისს დაბრუნდა. თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები მან ორ ტომად 1790 წლის იანვარში გამოსცა. მათში მოცემულია ცნობები მის მიერ მოვლილი ქვეყნების მოსახლეობის რელიგიის, ადათ-წესების, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და სხვა საკითხების შესახებ. ირანში იგი ზენდების დინასტიის შაჰის, ალი მურად ხანის (1781-1785) ზეობის დროს, 1784 წლის მაისში ჩავიდა და იქ 1785 წლის შემოდგომამდე დარჩა, რათა წარმოდგენა შეიქმნა კასპიის ზღვისა და საქართველოს მიმართ რუსეთის ინტერესების შესახებ.
ფრანგი დიპლომატის ცნობები საქართველოს შესახებ მოცემულია მისი თხზულების პირველი ტომის XX და XXI თავებში. მათგან შემდეგ საკითხებს გამოვყოფთ: 1. ერეკლე II-ს მმართველობა გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ; 2. თბილისის აღწერა; 3. ქართველებისა და მეგრელების დახასიათება. სხვა მოგზაურთაგან განსხვავებით, იგი არაფერს წერს თავისი გადაადგილების შესახებ. ამიტომ სავარაუდოა, რომ საქართველოს შესახებ ზოგიერთი ცნობა მან ტავერნიესა და ტურნეფორის თხზულებებიდან მოიხმო, ხოლო ცნობები ერეკლე II-ის, თბილისის, სოლომონ I-სა და სამეგრელოს შესახებ ირანსა და ოსმალეთში ყოფნის დროს მიიღო, რადგან მისი ბიოგრაფიიდან არ ჩანს ინფორმაცია საქართველოში მისი მოგზაურობის შესახებ.
გრაფი ლუი-ფრანსუა დე ფერიე სოვებეფის თხზულება მაშინვე ითარგმნა ჰოლანდიურ და ინგლისურ ენებზე, 1794 წელს სტოკჰოლმში მისი შემოკლებული შვედური გამოცემა გამოჩნდა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .