ლაზური/ჭანური ქორწილი და საქორწინო რიტუალები (ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და ლიტერატურული წყაროების მიხედვით)

ავტორები

  • ნუგზარ მგელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

მსოფლიოს ყველა ხალში, განსაკუთრებით იმ ხალხებში, სადაც ტრადიციული კულტურა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ქორწილი სახლეულისა და მთელი თემის ფარგლებში ღირსშესანიშნავ მოვლენად მიიჩნეოდა, რადგან სამყაროს ისტორია და მთლიანი ეთნოგრა­ფიული კალეიდოსკოპი ადამიანის ცხოვრებისეული ციკლის სამი უმთავრესი საფეხურით განისაზღვრებოდა. ეს იყო: დაბადება, ქორწინება და გარდაცვალება. აქედან, კაცობრიობის ის­ტორიაში სწორედ ქორწინებამ და ოჯახმა ადამიანთა ბიოლოგიურ კვლავ­წარ­მოებასა და მათ სოცია­ლი­ზაციაში, კულტურულ ფასეუ­ლო­ბათა ტრანსმისიაში უაღრესად დიდი რო­ლი შეასრუ­ლა. ბუნებრი­ვია, რომ სწორედ ასეთივე ფუნქცია გააჩნდა ქორ­წინებას და ქორწილს ქართველურ-იბერიული და კოლხური მოდგმის ლაზურ/ჭანურ საზოგა­დოე­ბა­შიც, რომელსაც ჭანდა (Ḉanda) ეწოდებოდა. ჭანდა ლაზებში/ჭანებში სტრუქტურირებული სოციალური ინსტიტუტი იყო და ჩვეულებებში გამოხატული მტკიცედ ჩამოყალიბებული წესები ჰქონდა, რაც სხვათა შორის ასახულია არამხოლოდ ეთნოგრაფიული ყოფის დონეზე, არამედ ზეპირსიტყვიერ შემოქმედებაში – ფოლკლორში. ბევრი ლაზური/ჭანური ლექსი საქორწილოდ და საქორწინო-საწესო მოქმედებასთან დაკავშირებით იყო შექმნილი.

ლა­ზებ­­ში/ჭანებში ოჯახის შექმნა წარსულში აუცილე­ბელ კანონზომიერებას წარმოადგენდა. სა­ქორ­წინო ცხოვრების წესში ჩართ­ვის უფლებას ახალ­გაზრდები უფროსების თანხმობით, განსაკუთ­რე­ბით, მშობლების გა­დაწყვე­ტილებით ღე­ბუ­ლობდნენ. დაოჯახებისათვის მშობლები ბავშვებს ახალგაზრდობიდანვე ამზადებდნენ, ოჯახისა და შთამომავლობის კვლავწარმოების აუცილებლობასაც შთააგონებდნენ, შესაბამისად, აქედან ჩნდებოდა ის ჩვეულებები, რომლებიც ახალგაზრდა საქორწინო წყვილის წარმოსახვის წიაღში იჩენდა ხოლმე თავს. ქორწინებაზე საუბარს ოჯახში სქესობრივ-ასაკობრივი სტრატიფიკაციის იმ საფეხურზე იწყებდნენ, როცა ახალგაზრდებს ფიზიკურად და მორალუ­რად სქესობრივი აქტისადმი მომწიფებულად მიიჩნევდნენ, ხოლო გა­რე­მოს ეკონომიკურად მზად თვლიდნენ. დაქორწინებული მამაკაცი, ფაქტობრივად, საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აღიქმებოდა და იგი თემის სა­ზო­გადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ერთვებოდა.

ლაზური/ჭანური ქორწილი – ჭანდა და საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს მოიცავდა. იგი საქორწინო წყვილთა შერჩევითა და შუამავლობით იწყებოდა. საქორწინო წყვილთა ოჯახებს შორის თანხმობის შემდეგ ადგილი ჰქონდა ნიშნობას, ხოლო შემდეგ ქორწილს. ურთიერთობათა ეს ციკლი ქორწილის შემდეგაც გრძელდებოდა, რაც დაქორწინებულ ოჯახებს შორის ურთიერთობებში იყო გამოხატული.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-10

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები