ბაგრატ IV ნოველისიმოსის მონეტები (სამონეტო დიზაინის გადახალისება)

ავტორები

  • ირაკლი ფაღავა კავკასიის უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

ბაგრატ IV-ის, გიორგი II-ისა და დავით IV-ის სახელზე მოჭრილი ვერცხლის მონეტები, სადაც ისინი ბიზანტიური ტიტულებით იხსენიებიან, მნიშვნელოვან ისტორიულ პირველად წყაროდ ითვლება. მიზანშეწონილია ამ ფულადი სერიის მონოგრაფიული შესწავლა; თუმცა, ჯერ უნდა გაანალიზდეს ყველა არსებული და ახლად აღმოჩენილი ნიმუში ინდივიდუალურად და ჯგუფურად, ისევე როგორც ბაგრატის მეფობის დროს მონეტის დიზაინის შეცვლის მიზეზები.

ბაგრატ IV-ის მხოლოდ 12 მონეტაა ამ დროისთვის გამოცემული; ამ სტატიის საშუალებით ვაქვეყნებთ მეცამეტე ნიმუშს, რომელიც მოჭრილი იყო იგივე სიქებით, როგორც ლიხნის განძის ერთ-ერთი მონეტა (N37). არსებული მონეტების ანალიზმა აჩვენა, რომ ცამეტივე მონეტა მოჭრილი იყო შუბლის 3 (ან, 5) და ზურგის 3 სიქით. როგორც ჩანს, ემისიები არ იყო სპორადული, თუმცა მისი მასშტაბის დადგენა შეუძლებელია, რადგან არ ვიცით რამდენი მონეტის მოჭრა შეიძლებოდა, სანამ სიქა მწყობრიდან გამოვიდოდა. ზურგის სიქებზე ასომთავრული ლეგენდების ამოსაკვეთად პუნსონური ტექნიკა არ გამოუყენებიათ.

ჩვენ განვიხილეთ ბაგრატ IV-ის ნოველისიმოსის ტიტულიანი მონეტების ქრონოლოგია, ბიზანტიური ნუმიზმატური ისტორია (ბიზანტიური პროტოტიპები, კონსტანტინე IX-ის 2/3 მილიარესი პირველად 1042-1050 წლებში მოიჭრა) და შუა საუკუნეების ქართული ეპიგრაფიკული და ნარატიული წყაროების (სავანის წმ. გიორგის ეკლესიის 1046 წლის წარწერა: ბაგრატი ჯერ კიდევ კურაპალატია; ავლარის 1050? წლის წარწერში: ბაგრატი უკვე ნოველისიმოსია; 1059 წლის კაცხის ოთხთავის ანდერძში: ბაგრატი კვლავ ნოველისიმოსია; ღულალისის 1060? წლის წარწერაში: ბაგრატი კვლავ სევასტოსია) მიხედვით, ამ მონეტების გამოშვება სავარაუდებელია 1046 ან 1050 (1050?) - 1060 (1060?) წლებს შორის პერიოდში.

ბაგრატ IV-ს ნოველისიმოსის ტიტული ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში ჩასვლამდე ებოძა; თუმცა, მან ამ ტიტულიანი მონეტები, სავარაუდოდ, კონსტანტინე IX-ის 2/3 მილიარესის მიბაძვით, რომლიც მან  მხოლოდ 1050-იან წლებში, კონსტანტინოპოლში ყოფნისას იხილა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოჭრა. ბაგრატმა თავი შეიკავა ახალ მონეტებზე საკუთარი ფიგურის გამოსახვისაგან; შესაძლოა, ადგილობრივი ფულადი ტრადიციის, მასზე ღვთისმშობლის გამოსახვის, გათვალისწინებით. მონეტის მოდიფიკაციამდე, ბაგრატ IV, სავარაუდოდ იყო ერთ-ერთი იმათთაგანი ვინც მოჭრა ე. წ. „ბაგრატის მონეტა“, მაშინ როდესაც არაბული დირჰემი უკვე მანამდე იჭრებოდა. ბაგრატ IV-მ სევასტოსის ტიტულიანი მონეტები 1060 წელს მოჭრა. ბაგრატ IV-ის ნოველისიმოსის ტიტულიანი მონეტები პირველი იყო ამ სერიაში და აერთიანებდა ორ ფულად ტრადიციას: არაბულს, უფრო ზუსტად ქართულ-არაბულს; და ბიზანტიურს, ან ბიზანტიურ-არაბულს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-10

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები