მარიამ პრიტვიცის უცნობი წერილები მაქარაშვილების ოჯახისადმი

ავტორები

  • გიორგი სოსიაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, გიორგი ჟურულის ოჯახთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულ ენაზე მთარგნელს მარიამ პრიტვიცს (ქალიშვილობის გვარი ჰუბერი), რომელიც გიორგი ჟურულის დასთან - ნინო ჟურულთან მეგობრობდა. მარიამი დაიბადა 1876 წლის 2 ივლისს ბესარაბიის გუბერნიაში, ქ. კიშინიოვში. დაამთავრა ქ. ოდესის წმ. მარიამის სახელობის ქალთა საზოგადო გიმნაზიის 8 კლასი. შემდეგ სწავლობდა ქ. დრეზდენის ქალთა პირველ ლიცეუმში მათემატიკურ-გეოგრაფიული განხრით. მ. პრიტვიცმა ფართო ჰუმანიტარულ-ტექნიკური განათლება მიიღო, რაშიც ხელი შეუწყო უცხო ენების ათვისების თანდაყოლილმა ნიჭმა. იგი რამდენიმე ენას ფლობდა, მათ შორის: ფრანგულს, იტალიურს, რუმინულს, ლათინურს, პოლონურს, რუსულს, გერმანულს, ინგლისურს. სამეცნიერო მოღვაწეობა მ. პრიტვიცმა 1918 წელს დაიწყო, ხოლო ლიტერატურულ საქმიანობას კი 1894 წელს მიჰყო ხელი. მ. პრიტვიცი ხშირად სტუმრობდა ნინო ჟურულის ოჯახს როგორც თბილისში, ასევე არბოში. სწორედ არბოში ყოფნისას ურჩევია მარიამ პრიტვიცისთვის ნინოს ჟურულს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ გერმანულ ენაზე ეთარგმნა. ნინო ჟურულთან მარიამ პრიტვიცი საქართველოდან წასვლის შემდეგაც აგრძელებდა მეგობრულ ურთიერთობას. მას არაერთი წერილი აქვს გამოგზავნილი თავისი ქართველი მეგობრის სახელზე, სადაც თბილად იხსენიებს სტუმრად ყოფნის ეპიზოდებს, განსაკუთრებით კი ნინო ჟურულის მშობლიურ სოფელში - არბოში გატარებულ დღეებს. როგორც მივუთითებდით, მარიამ პრიტვიცს „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულად თარგმნის იდეა ნინო ჟურულმა შთააგონა. შოთა რუსთველის უკვდავი პოემის გერმანულ ენაზე ამეტყველებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაც დაინტერესებულა, თუმცა მარიამ პრიტვიცს და ქართველ სწავლულებს შორის კომუნიკაცია მოიკოჭლებდა. პრიტვიცს უგვიანებდნენ თარგმანის ჰონორარს. ირკვევა, რომ ნინო ჟურულს ქართველ მეცნიერებთან შ. ნუცუბიძესთან და ს. ჯანაშიასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მოლდაველი მთარგმნელი ქართველ მეგობარს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გააქტიურებას სთხოვდა. მარიამ პრიტვიცის და ნინო ჟურულის მეგობრობა გრძელდებოდა, ამას ადასტურებს „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულ ენაზე მთარგმნელის რამდენიმე ბარათი.

უფაში მცხოვრები მარიამ პრიტვიცი მთარგმნელობით საქმიანობას განაგრძობდა და მისი თარგმნილი მხატვრული ტექსტები სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში იბეჭდებოდა. იგი დროდადრო საქართველოში, თავის მეგობარს - ნინო ჟურულს გამოქვეყნებულ თარგმანებს უგზავნიდა.

ნინო ჟურულის გარდაცვალების შემდეგ მარიამ პრიტვიცმა მჭიდრო ურთიერთობა გააგრძელა ნინოს ქალიშვილთან - ირინა მაქარაშვილთან და მის მეუღლესთან ანატოლი კიზირიასთან. ეს მეგობრობა სათავეს იღებდა მარიამის და ნინოს ურთიერთობიდან.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-10

გამოცემა

სექცია

საარქივო მასალების პუბლიკაცია

კატეგორიები