ჰენოტიკონი – ქართლის პოლიტიკური თუ ღირებულებითი არჩევანი?

ავტორები

  • ეკა კვაჭანტირაძე თსუ ივანე ჯავიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ავტორი

ანოტაცია

სტატიის მთავარი ასპექტია, მთავარი კითხვაა – პოლიტიკურ თუ ღირებულებით არჩევანს აკეთებს ამ პერიოდის ქართული სახელმწიფო? დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არჩევანის წინაშე დგას ვახტანგ გორგასლის დროინდელი ქართლი, მაშინ როცა ბიზანტიის მიერ გამოცემულ დოკუმენტზე – ჰენოტიკონზე თანხმობაზე დგება ჯერი.

ვახტანგისათვის ჰენოტიკონი მის არჩევანთანაა დაკავშირებული – დასავლეთს აირჩევს თუ აღმოსავლეთს? მას არჩევანი აქვს გასაკეთებული ირანსა და ბიზანტიას შორის. ბიზანტია რელიგიურ დაპირისპირებებშია ჩაბმული და დასუსტებულია, ირანი კი ამ პერიოდისათვის ბევრად ძლიერ პოზიციებს იკავებს. თუკი ვახტანგი დასავლურ არჩევანს გააკეთებს, ეს მისგან ზენონის საეკლესიო პოლიტიკის შეწყნარებას მოითხოვს. ვახტანგი უერთდება ჰენოტიკონს. კონფლიქტი ხდება ვახტანგს და მთავარეპისკოპოს მიქაელს შორის. ქართულ ისტორიოგრაფიაში მეფესა და ეპისკოპოსს შორის მომხდარ კონფლიქტს უმეტესად კონფესიურ ნიადაგზე წამოჭრილი დაპირისპირებით ხსნიან. ჩვენი აზრით, ვახტანგსა და მიქაელს შორის შეუთავსებლობა რელიგიურ მრწამსს არ ეხებოდა და არც შეიძლება შეხებოდა. როგორც ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსი ჯუანშერი არაერთხელ აღნიშნავს, მიქაელი დიოფიზიტობის ურყევი დამცველი, ხოლო მისი აღზრდილი ვახტანგი უდრეკი ქრისტიანი იყო. სწორედ ვახტანგის რწმენაში სიმყარემ და მართებულმა ღირებულებებმა მიაღებინა მას გადაწყვეტილება – კრიტიკულ მომენტში ქართული იდენტობის უმთავრესი მარკერის – რელიგიის დაცვის გზით წასულიყო. იმ მომენტში მას, რთულ პოლიტიკურ და რელიგიურ სიტუაციაში მყოფი ბიზანტიისათვის უნდა დაეჭირა მხარი, ბიზანტიისათვის, რომელსაც ერთადერთს შეეძლო ქართლისთვის რელიგიური მარკერის შენარჩუნების გარანტორი ყოფილიყო. ბიზანტიისთვის მხარდაჭერა იმ მოცემულ მომენტში ვახტანგისაგან ჰენოტიკონის გაზიარებას მოითხოვდა, ამიტომ უერთდება ვახტანგი ჰენოტიკონს, მრწამსის თვალსაზრისით მიუღებელს. მაგრამ უერთდება ბიზანტიისთვის დახმარებას, როგორც ქართული საზოგადოების სწორი თვითცნობიერების არსებობას გრძელვადიან პერსპექტივაში. აქ არა მონოფიზიტ-დიოფიზიტს შორის დაპირისპირებაა, არამედ სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახული ფაქტი. მიქაელისთვის ჰენოტიკონის გაზიარება რელიგიური დათმობაა, ვახტანგისათვის კი ქართული იდენტობის უმთავრეს მარკერზე ზრუნვის გამოხატულება. სწორედ ამ ნიადაგზეა საძიებელი კონფლიქტის მიზეზი და არა კონფესიურ განსხვავებაში. ვახტანგისა და მიქაელის მიერ ჰენოტიკონი სხვადასხვაგვარადაა გააზრებული, სხვადასხვა დატვირთვა აქვს. მიქაელისთვის ჰენოტიკონის მხარდაჭერა წმინდად რელიგიური აქტია, მისთვის როგორც ურყევი ქალკედონიტისთვის ეს გადახვევაა ჭეშმარიტი მრწამსისაგან, ვახტანგისათვის კი ეს მხარდაჭერა არჩევანის დაფიქსირებაა, გრძელვადიანი არჩევანის, რომელიც ქვეყნის უმთავრესი ფასეულობის, მისი სარწმუნოებრივი მარკერის დაცვაში გამოიხატება. ქართლისათვის ჰენოტიკონი არაა პოლიტიკური აქტი, ბიზანტიისათვის კი ეს მისი სახელმწიფოს გადარჩენაა.

ბიზანტიისათვის ეს პოლიტიკური აქტია რელიგიის სახელით, საქართველოსთვის კი ღირებულებითი აქტია პოლიტიკის სახელით. რა დააკლდება ქვეყანას პოლიტიკური არჩევანით? ვერ შეასრულებს მთავარ მისიას, ვერ დაიცავს ქართული იდენტობის უმთავრეს ნიშნულს. ვახტანგის გადაწყვეტილება მის ღირებულებით და არა პოლიტიკურ არჩევანს უკავშირდება. რადგან თუ წარმატებულ პოლიტიკურ სვლას გააკეთებს, ძლიერი ირანი უნდა აირჩიოს. ვახტანგი ირჩევს დასავლეთს არა გეოგრაფიული ან პოლიტიკური პრიორიტეტით, არამედ ფასეულობით, რაც ნიშნავს ქრისტიანობაზე სწორებას. ვახტანგ გორგასლის ეს ნაბიჯი – მისი ცივილიზაციური არჩევანია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-10

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები