ბაზალეთის ბრძოლის შეფასების საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში
ანოტაცია
სტატიაში განხილულა კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის მისამართით ქართულ ისტორიოგრაფიაში ბაზალეთის ბრძოლასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული შეფასებები. სამწუხაროდ ეს კრიტიკა ხშირად განპირობებული იყო არა ობიექტური კვლევა-ძიებით, არამედ დირექტირებული გახლდათ საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მიერ. საქმე ის გახლავთ, რომ XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის ბელადი იოსებ სტალინი გამორჩეულად დაინტერესდა XVII საუკუნის ცნობილი ისტორიული მოღვაწის-გიორგი სააკაძის პიროვნებით. მისი ბრძანებით გადაიღეს ორსერიანი ფილმი სააკაძის შესახებ. საბჭოთა ბელადის ასეთმა დაინტერესებამ განაპირობა ის რომ ისტორიკოსებმა სააკაძის ახალი, მითოსური კულტი შექმნეს, რომელშიც ის ცალსახად მხოლოდ გმირად, პროგრესულ მოღვაწედ და საქართველოს გაერთიანებისათვის თავდადებულ მებრძოლად იქნა გამოყვანილი, ხოლო შავი ლაქები კი საგულდაგულოდ ამოაშლევინეს მისი ბიოგრაფიიდან ქართველ ისტორიკოსებს. ამ შემთხვევაში პრობლემა არა მარტო ის გახლდათ, რომ გიორგი სააკაძის ნამდვილი სახე დაიკარგა, არამედ ისიც (და ჩვენი სტატიიდან გამომდინარე ჩვენთვის ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ეს გახლავთ), რომ ასეთმა დამოკიდებულებამ დღის წესრიგში დააყენა სააკაძის მოწინააღმდეგეების მარგინალიზირების აუცილებლობა: თუ სააკაძე საქართველოს გაერთიანებისათვის თავდადებული მოღვაწე იყო, ცხადია მისი მოწინააღმდეგე ამ ერთიანობის მტრად უნდა მიჩნეულიყო, თუ სააკაძე პროგრესია, ლოგიკურია რომ მის წინააღმდეგ მებრძოლი ძალა რეგრესად მონათლულიყო. ასე გაჩნდა ქართულ ისტორიოგრაფიაში თეიმურაზ I-ის მიმართ გამოთქმული არაერთი კრიტიკული მოსაზრება, ვინაიდან ბაზალეთის ბრძოლაში იგი გიორგი სააკაძის მთავარი მოწინააღმდეგე იყო.
მრავალრიცხოვანი (ქართული, სპარსული, ოსმალური) ისტორიული წყაროების ანალიზის შედეგად გამოთქმული გვაქვს მოსაზრება, რომ ბაზალეთის ბრძოლა განპირობებული იყო არა თეიმურაზ პირველის ეჭვიანობით ან პატივმოყვარეობით, როგორც ქართული ისტორიოგრაფია გვარწმუნებს, არამედ გიორგი სააკაძის მცდელობით ქართლიდან გაეძევებინა ტახტის კანონიერი მფლობელი-თეიმურაზ პირველი.
ასევე კრიტიკულად გვაქვს განხილული მოსაზრება რომ გიორგი სააკაძეს საქართველოს გაერთიანება ეწადა და ვინაიდან თეიმურაზი ამ მხრივ შეუფერებელი კანდიდატი გახლდათ ამიტომ ებრძოდა მას. ისტორიული წყაროების ობიექტური ანალიზი საწინააღმდეგოს აჩვენებს. სწორედ გიორგი სააკაძის მიერ თეიმურაზ პირველის ქართლიდან გაძევებით დაირღვა ქართლ-კახეთის ერთიანობა. ბაზალეთის ბრძოლას წინ უძღოდა თეიმურაზსა და შაჰ აბასს შორის მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც შაჰმა თეიმურაზი ქრისტიანული წესით ქართლ-კახეთის მეფედ აღიარა. რა თქმა უნდა, გიორგი სააკაძისათვის, რომლის მიზანსაც ქართლში ერთპიროვნული ძალაუფლების შენარჩუნება წარმოადგენდა, რთული მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, რომ თეიმურაზი, რომლის პოზიციებიც ამ აღიარების შემდეგ ქართლში საგრძნობლად გამყარდა, მის სეპარატისტულ გამოხდომებს ვეღარ მოითმენდა და მთელი ძალებით შეეცდებოდა დარღვეული ქართლ-კახეთის ერთიანობის აღდგენას. ამიტომ იყო რომ, დიდი მოურავი დატრიალდა და თუ ოსმალეთიდან და თუ დასავლეთ საქართველოდან მოყვანილი ჯარით გადამწყვეტი იერიში მიიტანა ქართლ-კახეთის კანონიერი მეფის წინააღმდეგ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .