ქართლის ერისმთავრის სტეფანოზ პირველის რეპრეზენტაცია ძველ ქართულ საისტორიომწერლობაში: ჟანრის კანონი და მეტაისტორიოგრაფიული  კონტექსტი

ავტორები

  • მარიამ ჩხარტიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ავტორი

ანოტაცია

ქართული შუასაუკუნეების ისტორიოგრაფიის ორი მთავარი ძეგლი – „მოქცევა ქართლისა“ და „ქართლის ცხოვრება“ წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას უფლისწულ სტეფანოზ I-ის (620-630-იანი წწ.) შესახებ. პირველის მიხედვით სტეფანოზი იყო დიდი ხელმწიფე, მორწმუნე, ქვეყნის მთავარი ტაძრის – ჯვრის ეკლესიის მშენებელი, ხოლო ქართლის ცხპვრების მიხედვით, სტეფანოზი იყო ურწმუნო და არათუ ჯვრის ეკლესიის მშენებლობაში არ მიუღია მონაწილეობა: არსებულისთვის საერთოდ არ მიუმატებია არაფერი. განსხვავებულადაა წარმოდგენილი სხვა მრავალი დეტალიც, მაგალითად ქრონოლოგია.

ისმის კითხვა ამ წყაროებიდან რომელია სანდო?

როგორც გაირკვა, დადებითი პორტრეტი შეიქმნა სტეფანოზ II-ის (მე-VII საუკუნის შუა წლებში ხელისუფლებაში მყოფი) – სტეფანოზ I-ის შვილიშვილისა და თანამოსახელის თანხმობით. ნეგატიური პორტრეტების ავტორი კი ჯუანშერია, რომელიც იყო მეფე არჩილის (VII საუკუნის II ნახევარი - VIII საუკუნის პირველი ორი ათწლეული) ერისთავი.

ამ დასკვნამ კიდევ ერთი შეკითხვა წამოჭრა: რატომ ასახავს ჯუანშერ ჯუანშერიანი სტეფანოზ I ასე უარყოფითად? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხედველობაში უნდა მივიღოთ ორი არსებული ფაქტი: ჟუანშერ ჯუანშერიანმა თავისი ინფორმაცია არასწორი წყაროებიდან აიღო, ან გარკვეული მოტივაციის გამო მან განზრახ არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. კვლევამ გამოავლინა ფაქტები, რაც ცხადყოფს, რომ ისტორიკოსი თავისი რეპრეზენტაციისას ეყრდნობოდა როგორც არასწორ, ასევე სწორ წყაროებს. არასწორი ინფორმაცია მან გამოიყენა; სწორი მტკიცებულებები მის მიერ იყო იგნორირებული ან არასწორად ინტერპრეტირებული. არასწორი ინტერპრეტაციების მიზეზი სოციალურ ნიადაგზე გაჩენილი ცრურწმენა იყო. ჯუანშერ ჯუანშერიანი მიეკუთვნებოდა ცენტრიდანულ ფეოდალურ ოპოზიციას, რომელიც ღრმა ზიზღს განიცდიდა სტეფანოზ I-ის მსგავსი მმართველების მიმართ – რომელსაც ჰქონდა ამბიცია, ყოფილიყო მისი ქვეშევრდომების სრულუფლებიანი სუზერენი, მათ შორის ფეოდალური არისტოკრატიის უმაღლესი ფენისაც, რომელსაც ეკუთვნოდა ჯუანშერ ჯუანშერიანი. თავისი კლასობრივი მდგომაროებიდან გამომდინარე ჯუანშერ ჯუანშერიანმა აპრიორულად „იცოდა“, რომ ეს წინამძღვარი „ცუდი“ პიროვნება და „ცუდი“ მმართველი იყო.

როგორც დღეს წინამოდერნის პერიოდშიც ისტორიის შექმნა მყარად იყო დაკავშირებული „სიმართლის თქმის“ ვალდებულებასთან. გამოგონილი წარმოდგენები ან არასწორი ინტერპრეტაციები ითვლებოდა შეუთავსებლად ჟანრული იდენტობისათვის.

მსოფლიო ისტორიოგრაფია იცნობს ბევრ ფაქტს, რომელიც ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ყველა ეპოქის და ეროვნების ისტორიკოსისთვის ჟანრის პრინციპების მყარად დაცვა.

შუა საუკუნეების ქართველი ისტორიკოსების გაგება ისტორიის დანიშნულების, როგორც სიმართლის დაწერის შესახებ, მსგავსი იყო მთელ მსოფლიოში მიღებული შეხედულებისა. რაც შეეხება ჯუანშერ ჯუანშერიანს მისი პრინციპი იყო „მოვლენების ისე გადმოსცემა, როგორც ხედავდი“.

თუმცა სიმართლის თქმის მსგავსი აღქმა სუბიექტური ინტერპრეტაციებისთვის ტოვებდა სივრცეს: საუბარი იყო არა ზოგადი სიმართლის გამოვლენაზე, არამედ კონკრეტული დამკვირვებლის მხრიდან დანახულ სიმართლეზე. ჯუანშერ ჯუანშერიანმა ფაქტობრივად ეს გააკეთა და ამის გამო მისთვის პრინციპსა და პრაქტიკას შორის განსხვავება პრობლემას არ წარმოადგენდა.

განხილული მაგალითი იყო ძალიან სპეციფიკური და არ იქნება სწორი მისი განზოგადება თუნდაც ქართულ შუასაუკუნეების ისტორიოგრაფიაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ წინამოდერნული პერიოდის ისტორიაზე მთლიანობაში, მაგრამ ასეთი შემთხვევების ცოდნა შეიძლება ზოგადად სასარგებლო იყოს. ეს ხელს შეუწყობს ისტორიის წერის წინამოდერნული პრაქტიკისა (და არა მხოლოდ!) და ისტორიკოსთა წინასწარგანწყობის გამო წყაროს ანალიზისას წარმოშობილი შესაძლო პრობლემების უფრო ღრმად გააზრებას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-10

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები