ახშნის გორიჯვრის წმ. გიორგის მონასტრის XVI საუკუნის ახლადმიკვლეული წარწერა გურზი ლიპარიტიანის მიერ სატრაპეზოსა და გალავნის აღშენების შესახებ (ლიპარიტიანთა ფეოდალური სახლის, ახშნის გორიჯვრის მონასტრისა და გორიჯვრის საკურთხევლისწინა ჯვრის ისტორიის ზოგიერთი საკითხი)

ავტორები

  • თემო ჯოჯუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

2021 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშნის მიმდებარედ არსებულ გორიჯვრის არქიტექტურული კომპლექსის შემადგენელ ორსართულიან სამრეკლოს საძვალესთან ერთად. სამრეკლოს შესასვლელში დაგროვილი ფხვიერი ქვის და ხრეშის ფენაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩნდა მხედრული დამწერლობით შესრულებული ხუთხაზიანი ქართული ლაპიდარული წარწერა, შერეული მხედრული და ნუსხური გრაფემებით. XIX საუკუნის მიწურულს ზემოაღნიშნული წარწერით ფილა ჯერ კიდევ იყო ჩადგმული სამრეკლოს შესასვლელის ზემოთ. წარწერის ტექსტი პირველად ქვეყნდება ამ ნაშრომში.

პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, გორიჯვრის ახლად აღმოჩენილი წარწერა XVI საუკუნით თარიღდება, იგი ვინმე გურზი ლიპარიტიანის დაკვეთითაა შესრულებული და დაკავშირებულია სამშენებლო საქმიანობასთან. შინაარსის თვალსაზრისით, წარწერაში შეიძლება გამოიყოს ორი ნაწილი: 1. წარწერის პირველ ნაწილში გურზი მიმართავს ღმერთს და „გორიჯვარის წმინდა გიორგის“ და იუწყება, რომ მათი დახმარებით ააგო სატრაპეზო და ზღუდის კედელი; და 2. წარწერის მეორე ნაწილში გურზი ღმერთს და „გორიჯვრის წმ. გიორგის“ სთხოვს ხანგრძლივ სიცოცხლესა და გარდაცვალების შემდეგ მარადიულ სიცოცხლეს.

გორიჯვრის წარწერაში მოხსენიებული გურზი ლიპარიტიანი ოდიშელ ლიპარიტიანთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. იგი ხვოვრობდა XVI საუკუნის მეორე ნახევარში და XVII საუკუნის დასაწყისში. გურზი ცნობილი ისტორიული პირის, გიორგი ლიპარიტიანის შვილი იყო. გურზის ჰყავდა დები: გამოჩენილი მწიგნობარი მანა (მანია) ლიპარიტიანი და ქართლის მეფის გიორგი X-ის მეუღლე დედოფალი თამარ ლაპარიტიანი. გურზი, ლიპარიტიანთა ფეოდალური სახლის უკანასკნელი წინამძღვარი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ლიპარიტიანთა საგვარეულომ არსებობა შეწყვიტა.

სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილია, რომ 1597-1601 წლებში ლევანი – კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის შვილიშვილი, ოდიშის მთავრის მანუჩარ I დადინისა და დედოფლის ნესტან-დარეჯანის მცირეწლოვანი ვაჟი (იგი გარდაიცვალა ლევანზე მშობიარობისას), კახეთში იზრდებოდა. მოგვიანებით ლევანი გახდა ოდიშის მმართველი ლევან II დადიანის სახელით. შესაძლოა, ამ პერიოდში გორიჯვრის წარწერაში მოხსენიებული გურზი ლიპარიტიანი კახეთში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, იგი შედიოდა ლევან II დადიანს რაზმში და მანუჩარ I-ის ბრძანებით ოდიშიდან კახეთში გაგზავნეს ახალგაზრდა უფლისწულთან ერთად.

გურზი ლიპარიტიანმა კახეთში ყოფნის პერიოდში გორიჯვრის არქიტექტურულ კომპლექსში ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა. მან ააშენა ან გაანახლა ორი ნაგებობა: 1. სატრაპეზო, რომლის მდებარეობა დღემდე უცნობია და 2. ზღუდე, რომელიც ჩვენამდე მხოლოდ ნაწილობრივ შემორჩა. გარდა ამისა, გურზის ბრძანებით ფილაზე ამოკვეთეს წარწერა სადაც მისი როგორც აღმშნებელის საქმნიანობა აღინიშნა. ფილა წარწერით ჩაისვა ან სატრაპეზოს კედელში, ან გალავნის კედელში, ან მათ დამაკავშირებელ არქიტექტურულ ნაგებობაზე.

ნაშრომში წარმოდგენილია ისტორიული და წყაროთმცოდნეობის მეთოდების გაოყენებით შესწავლილია გურზი ლიპარიტიანის ახლად გამოვლენილი წარწერა. ახლებურად გაანალიზებულია შემდეგი საკითხები: 1. ლიპარიტიანთა ფეოდალური სახლის წევრთა მოღვაწეობა XVI-XVII სს. 2. ახშნის გორიჯვრის მონასტრის XVI საუკუნის ისტორიის საკითხები; 3. გორიჯვრის საჭინამძღვრო ჯვრის ისტორია XVI-XVIII საუკუნეებში და სხვ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-10

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები