წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრება-მოღვაწეობის შესწავლის ისტორიიდან
ანოტაცია
წინაპართა ღირსსახსოვარი საქმეების უკვდავყოფა, პოპულარიზაცია და პატივის მიგება ყოველი ადამიანის მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. ასეთი ღირსახსოვარი და ღირსსაცნობი ფაქტებით მდიდარია საქართველო. მრავალთა შორის, გამორჩეულია წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრება-მოღვაწეობა, რომლის შესახებ კარგა ხანს უცნობი იყო ქართული საზოგადოებისთვის. მხოლოდ, XX საუკუნის ბოლოს, გახდა მისი შემოქმედების ფრაგმენტები ცნობილი ქართული საზოგადოებისათვის. გამოქვეყნდა მისი ზოგიერთი ნაშრომი, ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი სტატიები, ქადაგებები, წერილები. შესწავლილ იქნა გრიგოლ ფერაძის გერმანიაში სწავლებისა და მოღვაწეობის პერიოდი, მისი ნაშრომების მნიშვნელობა კოდიკოლოგიური თვალსაზრისით.
მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, განხორციელდა პროფ. დავით ყოლბაიას მიერ მომზადებული წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი ოთხტომეულის სამი წიგნის გამოცემა ვარშავის უნივერსიტეტში. გამოცემა, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს სისტემატიზებულ პუბლიკაციას, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასში შესულია სხვადასხვა საცავებში გამოვლენილი ახალი მასალები წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ.
1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. პოლონეთში დაარსდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამლოცველო და მისი სახელობის ეკლესია. 2002 წლიდან ვარშავის უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება წმ. გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კავკასიოლოგთა კონფერენცია. გრიგოლ ფერაძის სახელი მოთავსებულია მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფაზე ვარშავის უნივერსიტეტში. 2010 წელს დაარსდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია. თბილისში შეიქმნა გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმს მის მშობლიურ სოფელ ბაკურციხეში. შეიქმნა წმ. გრიგოლ ფერაძის ხატი. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა გრიგოლ ფერაძის სახელი.
საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით 2019 წელს ჩატარდა წმ. გრიგოლ ფერაძის საიუბილეო თარიღისადმი (120 წელი) მიძღვნილი საერთაშორისო კოფერენცია. შ. რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გამოქვეყნდა კონფერენციის მასალები, რომელშიც საინტერესო თემატიკით იქნა წარმოდგენილი წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრება-მოღვაწეობა.
ასეთია წმ. გრიგოლ ფერაძის სახელის უკვდავსაყოფად გაშლილი საქმიანობა დღეისათვის. მისი ღვაწლის სათანადოდ დაფასების მიზნით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა სპეციალისტების მიერ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .