კარლა სერენას „მოგზაურობა კავკასიაში“. თარგმანი ფრანგულიდან, შესავალი და კომენტარები
ანოტაცია
კარლა სერენა (Caroline Hartog Mergentheim, 1820-1884) ერთ-ერთი პირველი მოგზაური ევროპელი ქალია, რომელმაც საქართველოში 1875-1877 და 1881 წლებში იმოგზაურა. მეორე მოგზაურობისას მან გადაიღო ფოტოები, რომლებიც 1883 წელს, პარიზში, სახვითი ხელოვნების გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოების ორიგინალები დღეისთვის დაკარგულია, სერენა მაინც ითვლება საქართველოში მყოფ პირველ ფოტოგრაფ ქალად. 1880-1884 წლებში, ფრანგულ ჟურნალში „მსოფლიოს გარშემო“ (Le Tour du Monde) კარლა სერენამ გამოაქვეყნა სტატიების სერია საქართველოში მოგზაურობის შესახებ. ეს სტატიები უხვად არის ილუსტრირებული სხვადასხვა ფოტოგრაფების, მათ შორის თვით სერენას მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით შესრულებული გრავიურებით. აქვე წარმოვადგენთ ამ სერიიდან პირველი სტატიის თარგმანს ქართულ ენაზე – „მოგზაურობა კავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე“. სტატიაში აღწერილია სერენას საქართველოში ჩამოსვლა, სხვადასხვა დასახლებული პუნქტები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვ. მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ყურადღება გაგვემახვილებინა სერენას მიერ მოტანილ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც მან ბაგრატის ტაძრის დათვალიერებისას ნახა წარწერა, რომელშიც ტაძრის აღმშენებელი იხსენიება. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული წარწერა გამოქვეყნებული აქვს შვეიცარიელ გეოლოგსა და არქეოლოგს, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს, რომელმაც საქართველოში 1833-1834 წლებში იმოგზაურა. მოგვიანებით, 1847-48 წლებში, ამ წარწერას ეძებდა ფრანგი ორიენტალისტი მარი ფელისიტე ბროსე, მას ვერ მიაგნო და დაკარგულად ჩათვალა. დღეისთვის ეს წარწერა არ არის ცნობილი და შეუძლებლად მიგვაჩნია, რომ ის კარლა სერენას ენახა. ჩვენი ვარაუდით, სერენამ თავისი ტექსტი დიუბუა დე მონპერეს ნაშრომზე დაყრდნობით შეავსო.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .