ამირანი და ტარიელი („ამირანიანისა“ და ვეფხისტყაოსნის“ ურთიერთმიმართების საკითხისათვის)

ავტორები

  • გოჩა კუჭუხიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ამირანი და ტარიელი

ანოტაცია

სტატია ეძღვნება ქართული ხალხური ეპოსის „ამირანიანისა“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი პერსონაჟის სახეთა ურთიერთმიმართების საკითხს.

„ამირანიანში“ წარმოდგენილი პერსონაჟი, სახელად ამირანი, ბოროტ ძალებს ებრძვის, ამარცხებს ყველას მათგანს, იტაცებს სატრფოს, რომელიც ზეციურ კოშკი ცხოვრობს და სახლში მოჰყავს; ბოლოს თავისი ძლიერების გამო გონიერებას კარგავს და ამპარტავანდება, მისი ამპარტავნება ისეთ დონეს აღწევს, რომ ბრძოლაში ღმერთს იწვევს, რის გამოც ისჯება, _ ღმერთი კავკასიონიონზე აჯაჭვავს მას.

მიგვაჩნია, რომ ამირანის მითში ქრისტიანობამდელი ეპოქის კავკასიის ტაძართა შორის ბრძოლის კვალია ასახული. ჩვენი აზრით, ამირანი იყო კულტი იმ წარმართული ტაძრისა, რომელშიც წინა პლანზე არა გონიერება და  ლოგიკური აზროვნება, არამედ ძირითადად მხოლოდ სიყვარული, მხოლოდ რწმენა ჰქონდათ დაყენებული, ვფიქრობთ, ამ ტაძარში ორაკულთა მიმართ გამოხატულ ფაქტიურად ბრმა რწმენას ექნებოდა პრიორიტეტი მინიჭებული და ნაკლებად ფასდებოდა ლოგიკაზე დამყარებული ფილოსოფია, _ ის, რომელიც ელინურთან ამჟღავნებდა სიახლოვეს. ჩვენი აზრით, ამ საკულტო ცენტრთან დაპირისპირებული იქნებოდა ის ტაძარი, რომელშიც მიჩნეული იყო, რომ ლოგიკის ნაკლებობა და უგონობა ბოლოს ამპარტავნებაში აგდებს და დაღუპვის გზაზე აყენებს ადამიანს; ვფიქრობთ, მსოფლმხედველობრივ ბრძოლაში ამ მეორე ტაძარმა გაიმარჯვა, რომ ისტორიის ერთ-ერთ ეტაპზე ისეთი რელიგიური ცენტრი გახდა კავკასიის რომელიღაც რეგიონში გამარჯვებული, რომელშიც რწმენასთან ერთად ლოგიკაზე დაფუძნებული ფილოსოფია წარმოადგენდა მსოფლმხედველობის საფუძველს.

ბოროტ ძალებთან მებრძოლი ამირანი ხალხში ადრიდანვე იქნებოდა პოპულარული, შემორჩენილი თქმულებების ანალიზი იმაზე მიანიშნებს, რომ ადრეულ ეპოქებში ბედნიერი დასასრული ჰქონდა ამირანის ისტორიას; ლოგიკურ აზროვნებასა და ფილოსოფიაზე დაფუძნებული ტაძრის გამარჯვების შემდეგ კი ამ თქმულებებს  გაგრძელებები დაემატებოდა, ხალხში უკვე იმის შესახებაც მოყვებოდნენ, რომ ამპარტავნებამ ბოლოს უბედურებამდე მიიყვანა ამირანი, რომ ღმერთს შეებრძოლა იგი, რის გამოც კლდეზე მიჯაჭვით დაისაჯა. ამგვარმა დასასრულმა, ჩანს, სიმბოლურად მხოლოდ რწმენაზე დამყარებული ტაძრის დამარცხების ისტორიაც ასახა და ის ფაქტიც წარმოაჩინა, რომ გონიერებისა და ლოგიკის ნაკლებობა სჯის ადამიანს, რომ რაც არ უნდა დიდი სიყვარულით იყოს იგი აღსავსე, თუ გონიერება არ ახლავს, ბედნიერებას მაინც ვერ ეღირსება, ამირანმა მოიტაცა სატრფო, მაგრამ მასთან ბედნიერ ცხოვრებას მაინც ვერ ეღირსა და ამპარტავნების გამო დაისაჯა.

კავკასიაში გამარჯვებულ ტაძარს, რომლის მსოფლმხედველობა რწმენასთან ერთად ლოგიკას ემყარებოდა, საბერძნეთის რელიგიურ ცენტრებთან ექნებოდა მჭიდრო ურთიერთობა, ჩვენი აზრით, დასაშვები ვარაუდი, რომ მითმა კავკასიის მთაზე ღმერთის დაუმორჩილებლობის გამო მიჯაჭვულ გმირზე კავკასიის იმ ტაძრიდან, რომელსაც საბერძნეთთან ჰქონდა კავშირი, საბერძნეთის რელიგიურ ცენტრებში შეაღწია, იქიდან კი ბერძულ მწერლობაში გადაინაცვლა და ასე აღმოცენდა მითი პრომეთეს შესახებ, რომელიც ზევსმა კავკასიის მთაზე მიაჯაჭვა.

„ვეფხისტყაოსანში“ დახატული მთავარი გმირი ტარიელი უზომოდ დიდი სიყვარულით არის შეყვარებული უმშვენიერეს ნესტანზე, რომელიც ბოროტ ძალებს ჰყავთ გატაცებული და კოშკში ჩაკეტილი, მაგრამ სატრფოსაგან განშორების გამო გონიერება და სიმშვიდე აღარ ჰყოფნის ტარიელს და დაღუპვის პირამდეც მიდის. ნესტანს მხოლოდ მას შემდეგ ათავისუფლებს იგი, რაც მეგობრად და დამხმარედ თავისი გონიერებით ცნობილი ავთანდილი მოევლინება. რუსთაველი, ჩვენი აზრით, „ამირანიანს“ ეხმაურება, მან თავის პოემაში ეპოსის მთავარი გმირის ცხოვრება სხვაგვარად წარმართა, წარმოაჩინა, რომ დიდი სიყვარულით აღსავსე ადამიანი დიდ ბედნიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ სიყვარულთან ერთად გონიერებას მიმართავს.

ამრიგად, გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთეს მითი კავკასიიდან იღებს სათავეს და მასში კავკასიაში მომხდარი მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების კვალია ასახული, „ამირანიანს“, ჩვენი აზრით, „ვეფხისტყაოსანზეც“ აქვს ზეგავლენა მოხდენილი. 

სტატიაში „ამირანიანისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა სახელების გენეზისზეც ვმსჯელობთ...

 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-21

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები