ერთი ეპიზოდი მთის წმ. გიორგის მონასტრის XVII საუკუნის ისტორიიდან – მონასტერში „დადგინებული“ ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი სვიმონ ჩხეტიძე
საკვანძო სიტყვები:
წმ. გიორგის მონასტერიანოტაცია
წინამდებარე კვლევის საგანი არის იმერეთის მეფე გიორგი III-ის 1637 წ-ის დღეისათვის დაკარგული შეწირულობის საბუთი, რომელშიც შეწირულობის ადრესატი არის წმ. გიორგის ეკლესია და მასში დადგინებული ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი სვიმონ ჩხეტიძე. ეს უკანასკნელი XVII ს-ის იმერეთის გამორჩეული საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელიც მოგვიანებით ქუთათელი ეპისკოპოსი და აფხაზეთის კათალიკოსიც კი გახდა. 1637 წ-ის საბუთი წარმოადგენს ყველაზე ადრეულ წყაროს ამ ისტორიული პიროვნების ბიოგრაფიის შესახებ და კარგადაა ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში. თუმცა, აქამდე სამეცნიერო საზოგადოებაში არ დასმულა კონკრეტული კითხვები ამ საბუთის ცნობების შესახებ. კერძოდ: არ მომხდარა წმ. გიორგის ეკლესიის იდენტიფიკაცია და არ განხილულა ის მიზეზები თუ რატომ იყო დადგენილი ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი 1637 წ-ს რომელიღაც წმ. გიორგის ეკლესიაში.
საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში, 1451-ე ფონდის საქმე #16-ში, აღმოჩნდა ამ 1637 წ-ის დაკარგული საისტორიო საბუთის დედნის ტექნიკური აღწერილობა და მოკლე ანოტაცია. ამ XIX ს-ის საარქივო ერთეულში აღწერილია მთის წმ. გიორგის მონასტრის კუთვნილი საბუთების დედნები. შესაბამისად, 1637 წ-ის საბუთის ადრესატი წმ. გიორგის ეკლესია მთის წმ. გიორგის მონასტრის მთავარი ეკლესია აღმოჩნდა, რომელიც ნიკორწმინდის საკათედრო ტაძრიდან დასავლეთით, სულ რაღაც 8-10 კმ-ში მდებარეობს.
წმ. გიორგის ეკლესიის იდენტიფიკაციის შემდეგ შევეცადე დამედგინა სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი სვიმონ ჩხეტიძე. ამის შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება, თუმცა, სხვადასხვა თანადროული საისტორიო წყაროს საფუძველზე, შემდეგი დასკვნა გამოვიტანე:
1630-იან წლებში, იმერეთის მეფისა და ოდიშის მთავრის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა. სამეფო ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო – გიორგი III იმერთა მეფის მომხრეებად და ლევან II დადიანის მომხრეებად. იმერთა მეფის მხარეს იყვნენ ჩხეიძე/ჩხეტიძეთა ფეოდალური სახლის იმერეთის შტო, რომლის წარმომადგენელიც იყო ნიკორწმინდელი სვიმონი. ხოლო დადიანის მომხრეთა შორის ქვემო რაჭიდან მეფის მიერ განდევნილი პაატა წულუკიძე, რომლის საგვარეულოც ქვემო რაჭის დიდ ნაწილსა და ნიკორწმინდის ეკლესიას (როგორც საძვალეს) ფლობდა. პაატა წულუკიძე ამავე დროს დადიანის უპირველესი ვაზირი იყო. გარდა ამისა, დადიანის მომხრე იყო ასევე აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია (გურიელი). 1634 წ-ს კაკას ხიდთან მომხდარი ბრძოლისას მეფე გიორგი ლევან დადიანმა დაატყვევა. შედეგად, დასავლეთ საქართველოში ინიციატივას დადიანი და მისი მომხრეები იგდებენ ხელთ. როგორც ჩანს, ამ პერიოდშივე, წულუკიძეთა მოთხოვნით, უკვე ნიკორწმინდელად ნაკურთხი სვიმონ ჩხეტიძე ეპარქიის საკათედრო ტაძრიდან მთის წმ. გიორგის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც ახლად გათავისუფლებულმა მეფე გიორგიმ 1637 წ-ს შეწირულობის წიგნი მიუძღვნა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .