თამარ-დავითის მონეტები სომხეთში აღმოჩენილი უპასპორტო განძიდან
საკვანძო სიტყვები:
თამარ-დავითის მონეტები , განძიანოტაცია
XII-XIII საუკუნეების ქართულ სახელმწიფოში ფულადი მიმოქცევის სისტემური კვლევისთვის მოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებში მიზნად დავისახეთ გამოგვექვეყნებინა მეფე თამარისა და დავით სოსლანის სახელით მოჭრილი წესიერი ჭედვის მონეტები სომხეთში აღმოჩენილი უპასპორტო განძის შემადგენლობიდან. განძი ნაპოვნია 2010 წელს, თანამედროვე სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აღმოჩენის ზუსტი ადგილი და გარემოებები უცნობია. თუმცა, მოვიპოვეთ განძში შემავალი 17 მონეტის ადეკვატური გამოსახულება და მეტროლოგიური მონაცემები, ასევე ზოგადი ცნობები განძის შემადგენლობაზე. განძი შედგებოდა XII-XIII საუკუნეების წესიერი ჭედვის რამდენიმე ათეული მონეტისგან, რომელიც კერამიკულ ჭურჭელში იყო მოთავსებული. მათ შორის საკმაოდ ბევრი იყო ქართული, კერძოდ, თამარ-დავითის მონეტა. დანარჩენები ისლამური იყო, უმეტესწილად, ილდეგიზიან მმართველთა სახელით მოჭრილი. მოგვყავს 17 მონეტის აღწერილობა (16 თამარ-დავითის სახელითაა მოჭრილი, 1 ისლამურია – ბიზანტიური ანონიმური ფოლისი ან მისი მინაბაძი, მასზე მოთავსებული ამიდის მმართველის ჯამალ ად-დინ ინალიდის დამღით, გადაჭედილია კიზილ-არსლანისა და სანჯარის მონეტად). ეს მონეტები, სავარაუდოდ, სამწუხაროდ, არ წარმოადგენს რანდომულ ამონარჩევს, რაც შეუძლებელს ხდის მასალის რაოდენობრივ კვლევას. ავტორის 2018 წლის კლასიფიკაციით, ეს უპასპორტო განძი მიეკუთვნება II ჯგუფს, რომელიც აქამდე 4 განძით იყო წარმოდგენილი. განხილულია განსხვავება ამ ჯგუფის განძებს შორის, რის საფუძველზედაც ჯგუფის განძები დაიყო ორ ქვეჯგუფად: IIა (ექსკლუზიურად თამარ-დავითის მონეტების შემცველი განძები, ტეზავრირებული საქართველოს სამეფოს შიდა პროვინციებში); IIბ (განძები ტეზავრირებული საქართველოს სამეფოს ჩრდილო-სომხურ პროვინციებში, რომლებშიც თამარ-დავითის მონეტების გარდა მეტი რაოდენობით ისლამური მონეტებიც შედის). განძის ტეზავრაცია მოხდა 1200-1227 წწ. შუალედში. თამარ-დავითის 16 მონეტიდან 1 უთარიღოა. მოყვანილია არგუმენტაცია თარიღიანი და უთარიღო მონეტების ღირებულების იდენტურობის სასარგებლოდ. ამასთანავე, დღემდე გაუგებარია, თუ რამ განაპირობა და რა დანიშნულება ქონდა თამარ-დავითის უთარიღო მონეტების ემისიას. დაწვრილებით განხილულია განძის შემადგენლობაში შემავალი ორი უცნაური მონეტა, ანომალური კალიგრაფიის ლეგენდებით. ისინი შეიძლება წარმოადგენდეს 1) ქართველი მონარქების ოფიციალური ზარაფხანის დაუდევრად შესრულებულ ნაწარმს; 2) თანადროულ ყალბ მონეტას; 3) თანადროულ მინაბაძს (მოჭრილს საქართველოს სამეფოს ეკონომიკური ზეგავლენის ქვეშ მყოფ რომელიმე რეგიონში). არ არსებობს საბუთი, რომ ჩრდილო-სომხურ პროვინციებში მოქმედებდა ზარაფხანა, რომელიც თამარ-დავითის მონეტებს ჭრიდა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .