ქართლის სამეფოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის ისტორიის ერთი ფურცელი
საკვანძო სიტყვები:
ქართლის სამეფო, ჩრდილოკავკასიური პოლიტიკაანოტაცია
ქართლის მეფე, ვახტანგ I გორგასალი ( 450-502), ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური და სამხედრო ფიგურაა V ს.-ის მეორე ნახევრის კავკასიის ისტორიაში. ასე წარმოგვიჩენს ვახტანგის პიროვნებას მისი მეფობის ამსახველი ისტორიული წყაროები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო საუკუნე-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოსა და საზღვარგარეთ მას არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიეძღვნა, დღემდე ნაკლებად შესწავლილია მის ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიაში მის ლაშქრობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. წინამდებარე გამოკვლევაში საფუძვლიანად არის გადმოცემული და გაღრმავებული ამ მიმართულებით ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები.
შეუძლებელია, ჯუანშერის მიერ აღწერილი ქართლში „ოვსთა სპათა ურიცხვთა“ შემოსევა, რომლის დროსაც მათ „მოტყუენეს ქართლი თავითგან მტკურისათ ვიდრე ხუნანამდე, და მოაოჴრნეს ველნი, არამედ ციხე-ქალაქნი დაურჩეს, თჳნიერ კასპისა. ხოლო კასპი ქალაქი შემუსრეს და ტყუე ყვეს“, ეხმაურებოდეს V ს.-ის ბიზანტიელი ისტორიკოსისა და პოლიტიკური მოღვაწის, პრისკე პანიონელის (დაახლ. 410/20 – 472-ის შემდ.) „გუთების ისტორიის“ მე-8 ფრაგმენტს სკვითთა სამეფო გვარის წევრების, ბასიხისა და კურსიხის მედიაში, ანუ კავკასიის, ჩრდილოეთ აზერბაიჯანში ლაშქრობის შესახებ. ჩვენ მიერ წარმოდგენილ ნაშრომში დასაბუთებულია, რომ ჯუანშერის მიერ გადმოცემული „ოვსთა“ შემოსევა ქართლში გამოძახილი უნდა ყოფილიყო ჩრდილოეთ კავკასიიდან ჰუნთა 460 წ.-ს გადმოსვლისა, რაც ასახულია VII ს.-ის სომეხი ისტორიკოსის, ეღიშეს „ვარდანისა და სომეხთა ომის ისტორიაში“, სადაც ნათქვამია, რომ აჯანყებული ალვანთა მეფის დასასჯელად სპარსელებმა „განახვნეს ალანთა კარი, შეკრბეს ჰუნთა აურაცხელი ჯარი, ერთი წლის განმავლობაში ებრძოდნენ ალვანთა მეფეს“ და გაანადგურეს მისი ლაშქარი.
ნაშრომში გაზიარებულია და განტკიცებული სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ვახტანგის მიერ გამართული ბრძოლა უნდა თარიღდებოდეს 466 წ.-ით და წარმოადგენდეს პასუხს ამიერკავკასიაში სარაგურების თარეშზე, რომლის დროსაც, როგორც პრისკე პანიონელის თხზულების 37-ე ფრაგმენტშია გადმოცემული, მათ აკატირებსა და სხვა ტომებზე თავდასხმის შემდეგ იბერია დაარბიეს. ქართლის იმდროინდელი პროტექტორის, სპარსეთის წინააღმდეგ წამოწყებული ამ შეტევის საპასუხოდ, შაჰ პეროზის (459-484) საგანგებო მისიითა და სპარსელთა საჯარისო შენაერთებით ქართლში მოვლინებულმა ვახტანგმა იმავე წელს ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში და ოთხთვიანი ბრძოლების შემდეგ მოპოვებული წარმატება სათავისოდ გამოიყენა. ჯერ ერთი, მან ამით საკადრისი პასუხი გასცა სპარსელთა მიერ ალვანეთის მეფის დასასჯელად ექვსიოდე წლით წინათ კავკასიაში გადმოყვანილ ჰუნებს, რომლებმაც ქართლიც დალაშქრეს და მეფის და, მირანდუხტი გაიტაცეს. ამასთან, რაც მთავარია, დარიალის ხეობა ვახტანგმა სპარსელებს კი არ გადასცა, არამედ სათავისოდ დაიჭირა: ხელახლა აღაშენა მისი წინამორბედის, მირიან I-ის მიერ აგებული ციხე-სიმაგრე და შიგ თავისი გარნიზონი განათავსა, რითაც კავკასიაში სასანელთა ბატონობის დასასრულის წინაპირობა შექმნა. ამით სპარსელებს აღუკვეთა კონტროლი ჩრდილოეთიდან სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ უმთავრეს გადმოსასვლელ ხეობაზე და გაიმაგრა ზურგი, საიდანაც შეძლებდა, გადმოეყვანა მოკავშირე ჩრდილოკავკასიელი ტომები სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩასაბმელად.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .