თანამედროვე ერი ღრმა ეთნიკური ფესვებით: ქართული იდენტობა Longue Durée
საკვანძო სიტყვები:
თანამედროვე ერი , ეთნიკური ფესვებიანოტაცია
სტატია ეფუძნება 2021 წლის 1 ივლისს მესროპ მაშთოცის სახელობის ძველი ხელნაწერების ინსტიტუტის – მატენადარანის მიერ ორგანიზებულ პროფესორ ჰაკობ პაპაზიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩემ მიერ წაკითხულ მოხსენებას. ის გამიზნული იყო ამ კონფერენციის მასალების კრებულისათვის და გაგზავნილ იქნა კიდეც კონფერენციის ორგანიზატორებისათვის. თუმც მალევე მივიღე მატენადარანის ინსტიტუტის დირექტორის ვაჰან ტერ-ღევონდიანის წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ სტატია ვერ დაიბეჭდება, რადგან ის არ შეესაბამება მათ თემატურ ფოკუსს ანუ არ შეეხება შუა საუკუნეებს. მაგრამ ბატონი ტერ-ღევონდიანის მიერ დასახელებული მიზეზი არაა დამაჯერებელი ახსნა სტატიის უარყოფისათვის: მოხსენებების თემატიკა და ქრონოლოგია კონფერენციის ორგანიზატორების მიერ არ ყოფილა შეზღუდული, პრეზენტაცია უპრობლემოდ იქნა ჩართული კიდეც კონფერენციის პროგრამაში და საკონფერენციო წარდგინებაც შედგა. ამას გარდა, წინამდებარე სტატია, რომელიც, როგორც ითქვა, ხსენებულ მოხსენებას ეფუძნება, ეხება არა მარტო საქართველოს ისტორიის ახალ და უახლეს პერიოდს, არამედ შუა საუკუნეებსაც და ანტიკურ ხანასაც, რამდენადაც მისი მიზანია მოდერნული ქართული ნაციის ღრმა ეთნიკური ფესვების ჩვენება. ქართულ იდენტობაზე ჩემი სხვა ნაშრომებისაგან განსხვავებით ამ სტატიაში არაერთ შემთხვევაში შედარებისათვის მოხმობილია სომხური იდენტობის ისტორიის კვლევის გამოცდილება. ამიტომ ჩემთვის გამოცანად რჩება რეალურად რა გახდა კონფერენციის ორგანიზატორების მიერ სტატიის უარყოფის მიზეზი: ქართული იდენტობის ისტორიის ის რეპრეზ- ენტაცია, რომელიც წარმოდგენილია ჩემს ნაშრომში თუ შედარებისათვის მოხმობილი მაგალითები სომხური გამოცდილებიდან. იქნებ სტატიის გაცნობის შემდგომ მკითხველმა უპასუხოს ამ კითხვას და მკითხველმავე განსაჯოს აკადემიური ეთიკის თვალსაზრისით რამდენად მართებულია საერთაშორისო კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებაზე დაფუძნებული სამეცნიერო სტატიის რეცენზირების გარეშე უარყოფა.
როგორც სათაურიც აჩვენებს ამ ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს ქართული ეროვნული იდენ- ტობის ფორმირება როგორც ხანგრძლივი პროცესი. ავტორი იზიარებს და ეყრდნობა მოსაზრებას, რომ ერები თანამედროვე კონსტრუქტებია, თუმც ზოგიერთ მათგანს ღრმა ეთნიკური ფესვები აქვს. პრემოდერნულ კულტურულ წანამძღვრებზე დაყრდნობით მოცემული ჩვენ-ჯგუფის ელიტა ქმნის ეროვნულ ნარატივს, ე. ი. ერის იდეას, რომლის ირგვლივ კონსოლიდდებიან მოცემული ეთნიკური ერთობის წევრები და კულტურული მობილიზაციის პროცესში ეთნიკური იდენტობა გადაიქცევა ეროვნულად.
ქართული ეთნიკური ერთობის არსებობა უკვე ძვ.წ. XV-XIV საუკუნეებში ხდება შესამჩნევი ამ ერთობას პოლიტიკურად წარმოადგენდა ძველი კოლხეთის სამეფო. ქრისტეს შობამდე XII და VIII საუკუნეების ასურული და ურარტული წყაროები, აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ქართული ეთნიკურობის კოლხური პერიოდის შესახებ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებში, როდესაც მეფე ფარნავაზმა ქართლის სამეფო დააარსა, ქართული ეთნიკური ერთობის პოლიტიკური ცენტრი გადმოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში. სწორედ ფარნავაზ მეფის რეფორმები იმის მაუწყებელი იყო, რომ ქართული ეთნოსის ჩამოყალიბების პროცესი შეუქცევადი გახდა.
XI-XII საუკუნეებში ქართული იდენტობის განვითარების დონე საშუალებას იძლევა ვისაუბროთ წინარემოდერნული ქართველი ერის ჩამოყალიბებაზე. შემდგომ საუკუნეებში პოლიტიკურ ფრაგმენტაციას არ მოჰყოლია ქართული იდენტობის ნგრევა: სხვადასხვა ქართული პოლიტიკური ერთეულების მოსახლეობა კვლავ შეკავშირებული იყო საერთო წარმომავლობის რწმენით, საერთო კულტურისა და კოლექტიური სოლიდარობის მძაფრი განცდით
XVII-XVIII საუკუნეებში მოდერნიზაციის იმპულსები ევროპიდან საქართველოში აღწევს და თავის ტვიფარს აჭდევს ქართული იდენტობის განვითარებას. XIX საუკუნის პირველ ნახევარში და შუა ხანებში გაჩნდა ქართული ნაციონალიზმის იდეოლოგია, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევარში საყოველთაო ეთნოკულტურული მობილიზაციის შედეგად, ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართველი ერი. XX საუკუნის მეორე ათწლეულის ბოლოს ქართული იდენტობა პოლიტიკურ ჯავშანს იძენს: ქართველები ახერხებენ შექმნან თანამედროვე ტიპის სახელმწიფო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ სახელმწიფოს როლი უზარმაზარია ქართული ეროვნული იდენტობის გამოკრისტალებაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი მალევე განადგურდა საბჭოთა რუსეთის ინტერვენციის შედეგად.
საბჭოთა იმპერიაში ქართულმა იდენტობამ თითქმის მთლიანად დაკარგა ის სამოქალაქო მახასიათებლები, რაც მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში შეიძინა. ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ. ამ დროიდან ქართული ეროვნული იდენტობა თანდათან ისევ იბრუნებს მოქალაქეობრივი ერის ნიშნებს. ქართული ეროვნული იდენტობის განვითარება დღესაც გრძელდება.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .