გიიომ-ანტუან ოლივიეს მისია ირანში (1796) და მისი ცნობები საქართველოს შესახებ

ავტორები

  • ირინე ნაჭყებია ავტორი

საკვანძო სიტყვები:

მისია, ირანი

ანოტაცია

XVIII საუკუნის მიწურულს, 1795 წლის ოქტომბერში საფრანგეთის დირექტორიის (1795-1799) დავალებით ორ ფრანგ მეცნიერს – ენტომოლოგ გიიომ-ანტუან ოლივიესა და ზოოლოგ ჟან-გიიომ ბრუგიერს, ირანში ჩასვლა, აღა მაჰმად ხანის საფრანგეთთან კავშირის დამყარებაზე დათანხმება და რუსეთის წინააღმდეგ თურქეთ-ირანის ალიანსის ორგანიზება დაევალათ. ფრანგი წარგზავნილები აღა მაჰმად ხანის ვეზირმა, ჰაჯი იბრაჰიმმა ორჯერ, 1796 წლის 23 და 24 სექტემბერს, მიიღო. მათ მისიას შედეგი არ მოჰყვა, რადგან ბონაპარტის ეგვიპტის (1798-1799) ექსპედიციის გამო 1798 წლის სექტემბერში ოსმალეთმა საფრანგეთს ომი გამოუცხადა. 

წინამდებარე სტატიაში წარმოვადგენთ ოლივიეს ცნობებს საქართველოს შესახებ, რომლებიც წარმოდგენილია 1807 წელს გამოცემული მისი „მოგზაურობის“ მესამე ტომში. მის XX თავში საგანგებო ყურადღებას იმსახურებს გეორგიევსკის ტრაქტატის 1-13 მუხლების წარმოდგენა. ფრანგი მეცნიერი არ უთითებს წყაროს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მან გერმანელი იურისტის გეორგ ფრიდრიხ ფონ მარტენსის მიერ გერმანულ და ფრანგულ ენებზე 1791 წელს გამოცემული ნაშრომით ისარგებლა. თხზულებაში ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა: 1807 წლის 4 მაისს საფრანგეთსა და ირანს შორის დადებულ იქნა სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელშიც საფრანგეთის იმპერატორი საქართველოს სპარსეთის შაჰის კანონიერ კუთვნილებად სცნობდა (მუხლი 3.) და ვალდებულებას იღებდა, აეძულებინა რუსები, რათა მათ დაეტოვებინათ საქართველოსა და ირანის ტერიტორიები (მუხლი 4.). ოლივიეს მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს სპარსეთის საქართველოდ მოხსენიება კი ხაზს უსვამდა იმ აზრს, რომ აღმოსავლეთ საქართველო ირანის კუთვნილი ქვეყანა იყო, რომელიც რუსების დაქვემდებარებაში მოექცა. ტრაქტატის ტექსტიდან ჩანდა, რომ საქართველოს მიმართ ეს თანაბარუფლებიანი შეთანხმება არ იყო. 

ოლივიე გეორგიევსკის ტრაქტატის დადების თარიღს (1783) იმ გარემოებას უკავშირებს, რომ ის ქერიმ ხანის გარდაცვალებიდან (1779) ოთხი წლის შემდეგ, იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ირანის ტახტის მოსაპოვებლად მრავალი პრეტენდენტი ებრძოდა მისივე განმარტებით, აღა მაჰმად ხანს არ შეეძლო უარი ეთქვა იმ უფლებებზე, რომლებიც მას საქართველოზე ჰქონდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თავის ღირსებას შელახავდა და თავის მიერ უზურპირებული გვირგვინის ღირსი არ იქნებოდა. ეს ცნობა ნათლად მოწმობს ყაჯართა ახალი დინასტიისათვის აღმოსავლეთ საქართველოს დაპატრონების დიდ მნიშვნელობას როგორც მორალური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. 

თხზულებაში წარმოდგენილია თეირანში დამკვიდრებული უნგრელი ექიმის, თვითმხილველი ოგიუსტ აროშის ინფორმაცია 1795 წელს თბილისში აღა მაჰმად ხანის შეჭრის და მისი მოლაშქრეების ბარბაროსული საქციელის შესახებ.

ოლივიეს „მოგზაურობის“ მესამე ტომი მაშინვე ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, ჰოლანდიურ, ესპანურ და იტალიურ ენებზე. მასში წარმოდგენილი ცნობები საქართველოს შესახებ, ევროპელი მკითხველის ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებული პირველი ინფორმაციაა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-21

გამოცემა

სექცია

წყაროთა თარგმანი და წარდგინება