„მთა ქართლის“ აღმოჩენილი ორი ბერძნული წარწერა

ავტორები

  • გურამ მამულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ორი ბერძნული წარწერა

ანოტაცია

ვეყნდება ცნობილი ქართველი ისტორიკოსის . მამულიას (1937-2003) არქივში დაცული გამოკვლევა ქართლის მთაზე აღმოჩენილი ბერძნული წარწერების შესახებ. ეს წერილი 1998 წელს არის მომზადებული, თუმც ავტორის სიცოცხლეში გამოქვეყნებული არ ყოფილა. იგი დასათაურებუ- ლიც არ იყო. წარმოდგენილი სათაური პირობითია და ეკუთვნის . ახალაიას, რომელმაც ეს მასა- ლა გამოსაცემად მოამზადა: დაურთო შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა, წყაროები და რეზი- უმე. მანვე დანართის სახით წარმოადგინა . მამულიას არქივში ნაპოვნი სხვა ტექსტიც, რომელიც შეეხება მამამძუძეობის ინსტიტუტს ძველ ქართლში. აქ წყაროდ სხვებთან ერთად გამოყენებულია სწორედ ზემოთ აღნიშნული ბერძნული წარწერების მასალა.

 

 

1993 და 1995 წლების გათხრების დროს „მთა ქართლის“ (გვიანდელი არმაზციხე) ბაგინეთის კალთაზე აღმოჩნდა ორი ბერძნულწარწერიანი ქვიშაქვის სტელა, რომლებიც შინაარსობრივად ურთიერთთან იყვნენ დაკავშირებული და რომაული ტიპის აბანოს კედელზე იყვნენ მიმაგრებული.

კვლევის მიზანს სტელებზე დამოწმეული  „ტროფეუსისა“ და „ტროფიმეს“  სოციალური ინსტიტუტების ანალიზი წარმოადგენს.

N1 წარწერიდან ირკვევა, რომ სომეხ ვოლოგესიანთა გვარის ასულს, რომელიც იბერთა მეფე ამაზასპის მეუღლე და ქართლის დედოფალი იყო, ამაზასპ მეფის „ტროფეუსმა“და „ეპიტროპოსმა“, სახელად ანაგრანესმა, საკუთარი სახსრებით აშენებული აბანო მიართვა. მეორე წარწერა უკვე გვამცნობს ქართლის დედოფლის სახელს — დრაკონტი და მასში ნათქვამია, რომ „ტროფეუს“ ანაგრანესის მეუღლემ (მისი სახელი უცნობია), როგორც „ტროფიმემ“, ქართლის დედოფალ დრაკონტის იგივე საჩუქარი გაუკეთა.

ამ შემთხვევაში ყურადღებას სტელებზე დამოწმებული სოციალური ტერმინები იმსახურებენ. N1 სტელაზე იბერთა მეფის, დიდი ამაზასპის მოხელე ანაგრანესი τροφεὺς-ად და ἐπίτροπος-ად იწოდება, ხოლო N2 სტელაზე დამატებით „ტროფიმე“-ს სოციალური ინსტიტუტი გვხვდება.

ძველბერძნულად τροφεὺς გამზრდელს, მას, ვინც კვებავს (მამაკაცს), ხოლო τρόφιμη გამზრდელს, მას, ვინც კვებავს (ქალს) აღნიშნავდა. მართალია, τροφεὺς და τρόφιμη ტერმინები სეპტაგინტუაში არ გვხვდება, სამაგიეროდ მათი სინონიმი ტერმინები — τρόφος  და τίJηνος დასტურდებიან, რომელთაც ბიბლიის ძველქართულ თარგმანებში „მძუძე“ (ესაია, 49.23), „მამამძუძე“ (ⅠⅤ მეფეთა, 10.1; 10.5)  და „დედამძუძე“ (ⅠⅤ მეფეთა, 11.2) შეესიტყვებიან. ასე რომ, ანაგრანესი და მისი მეუღლე ამაზასპ ქართლის მეფის (ახ. წ. III ს-ის 60-იანი წწ.) „მამამძუძე“ და „დედამძუძე“ რომ იყვნენ, ეჭვს არ იწვევს.

ამას გარდა, თუ „ეპიტროპოსის“ ინსტიტუტი ახ. წ. II საუკუნის იბერთა მეფის კარზე არმაზის ბილინგვაში გვხვდება, „ტროფეუს“||„ტროფიმეს“ ინსტიტუტი ჩვენში აღმოჩენილ ეპიგრაფიკულ ძეგლებში პირველად წარმოჩნდა. შესაბამისად, აღნიშნული წარწერები ძვირფას საკონტროლო მასალას იძლევიან ანტიკური ხანის იბერიის სამეფო კარის სამოხელეო ინსტიტუტების შესახებ, რადგან ისინი პირდაპირ ადასტურებენ ქართულ საისტორიო ტრადიციაში (ლეონტი მროველი, ჯუანშერი, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“) შემონახული ცნობების სისწორეს  ძველ ქართლში (იბერიაში) „მამამძუძეობის“ სოციალური ინსტიტუტის არსებობის შესახებ. 

არმაზის ბილინგვის (ახ. წ. II ს.) თანახმად, იბერთა მეფე ხსეფარნუგს ჰყავდა ეპიტროპოს-„ეზოსმოძღვარი“  იოდმანგანი, რომელიც არამეულ ვერსიაში rb trbṣ-დ (დარბაზის, პალატის მთავრად) იწოდება. თავის მხრივ, იოდმანგანის მამა — პუპლიკიოს აგრიფა  არის ფარსმან იბერთა მეფის „რაბ თარბაცუ“ და პიტიახში. ახალაღმოჩენილ N1 წარწერაში კი ეპიტროპოსი იგივე გამზრდელია („ტროფეუს“), ანუ „მამამძუძე“. არმაზის ბილინგვისა და ახალაღმოჩენილი ბერძნული წარწერების თანახმად, იბერთა მეფეებს — ფარსმანს, ხსეფარნუგსა და ამაზასპს ჰყავდათ „მამამძუძენი“ — პუპლიკიოს აგრიფა, იოდმანგანი და ანაგრანესი. შესაბამისად, პუპლიკიოს აგრიფა, იოდმანგანი და ანაგრანესი, როგორც ქართლის მეფის „მამამძუძენი“, ერთსადაიმავე სახლს ეკუთვნოდნენ. ამის გამო, „მამამძუძის“ სახლის დედოფალი, მამამძუძე ანაგრანესის მეუღლე კი ქართლის დედოფლის „დედამძუძედ“ („ტროფიმე“) გამოდიოდა.

სტრაბონის ცნობები იბერთა მეფის „დეუტეროსის“ მხედართმთავრობის შესახებ ადასტურებენ „ქართლის ცხოვრების“ ავტორებთან (ლეონტი მროველი, ჯუანშერი) შემონახული საისტორიო ტრადიციის სისწორეს, რომ ქართლის მეფის სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი („შემდგომი“), ანუ ვიცე-მეფე იყო. „შემდგომისა“ და სპასპეტის „მამამძუძეობას“ მხარს უჭერს ბაგინეთის ახალაღმოჩენილი წარწერები, სადაც „ტროფეუს“(მამამძუძე) ასევე „ეპიტროპოს“(ეზოსმოძღვარია). შესაბამისად, პუპლიკიოს აგრიფა, იოდმანგანი და ანაგრანესი ერთსადაიმავე სახლს ეკუთვნოდნენ და როგორც ქართლის მეფის „მამამძუძენი“, მეფის „შემდგომი“ (დეუტეროსი), სპასპეტები, „ეზოსმოძღვრები“ (ეპიტროპოს-რაბ თარბაცუ) იყვნენ და როგორც გამორჩეული, დიდი ერისთავები („ერისთავთა მთავრები“), პიტიახშებადაც უხმობდნენ თავიანთ თავს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-21

გამოცემა

სექცია

საარქივო მასალების პუბლიკაცია