მეფეთა სათვალავი XVIII საუკუნის ქართულ ისტორიოგრაფიაში

ავტორები

  • Goneli Arakhamia საქართველოს უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

მეფეთა სათვალავი, ისტორიოგრაფია, „მეცნიერ კაცთა“ კომისია, ვახუშტი ბაგრატიონი

ანოტაცია

მეფეთა სათვალავი ანუ ნუმერაცია, რომელმაც ადრიდანვე მიიპყრო ქართველ მემატიანეთა ყურადღება, კიდევ უფრო აქტუალური გახდა XVIII ს. ქართული ისტორიოგრაფიისათვის, რასაც თვალნათლივ მოწმობს „მეცნიერ კაცთა“ კომისიის, ვახუშტი ბაგრატიონისა და სხვა ავტორთა ნააზრევი. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ “მეცნიერ კაცთა” კომისიამ, განსხვავებით წინამორბედი ისტორიკოსებისგან, ქართველ მეფეთა ერთიანი სათვალავი მოგვცა განურჩევლად სარწმუნოებრივი  და დინასტიური კუთვნილებისა ქართლის პირველი მეფე ფარნავ აზიდან (ძვ. წ. III ს.) გიორგი ბრწყინვალეს (1318-1346) ჩათვლით. იმავე კომისიამ პირველად სცადა თანამოსახელე მეფეთა სათვალავის შემუშავებაც.  მან მეფეთა სათვალავი მეფეთა ზეობების მიხედვით გამოყოფილი მცირე მონაკვეთების სათაურებში შეიტანა, ხოლო

თანამოსახელე მეფეთა ნუმერაცია გვერდითა არშიებზე მოათავსა. 

ვახუშტი ბაგრატიონმა კრიტიკულად აითვისა და კიდევ უფრო დახვეწა “მეცნიერ კაცთა“ კომისიის ნააზრევი. მან გარკვეული კო რექტივი შეიტანა კომისიის მიერ შემუშავებულ მეფეთა რიგში, რომელიც რამდენიმე გვირგვინოსნით შეავსო.  მანვე პირველმა შეიმუშავა პოლიტიკური დაშლილობის ხანის ქართ ველ მეფე-მთავართა სათვალავები, რაც მიუღწეველი დარჩა  “მეცნიერ კაცთა“ კომისიისათვის. ვახუშტი ბაგრატიონმა ეს საკითხი გადაჭრა აღნიშნული პერიოდის ქართული პოლიტიკური ერთეულების ისტორიის ცალ-ცალკე წარმოდგენის კვალობაზე რა  მაც მას საშუალება მისცა ამ ერთეულების მმართველთა რიგი და ნუმერაცია ცალ-ცალკე შეემუშავებინა. აღსანიშნავია, რომ მან ერთიანობის ხანის მეფეთა სათვალავი პოლიტიკური დაშლილობის ხანის (მისი ქრონოლოგიით, 1469 წლიდან თავის დრომდე, 1744 წლამდე) ქართლის მეფეებით გააგრძელა. ამავე დროს, ცალ-ცალკე მოგვცა კახეთისა (1469 წლიდან) და იმერეთის მეფეების (მისი ქრონოლოგიით, 1259 წლიდან დავითნარინის ქუთაისში დამკვიდრების დროიდან), აგრეთვე, სამცხის ათაბაგების, ჯაყელების (1463/65 წლიდან) სათვალავები. XVIII ს. ქართველ ისტორიკოსთა აღნიშნულმა მემკვიდრეობამ გარკვეული სამსახური გაუწია მეცნიერულ ისტორიოგრაფიას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-06

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები