კავკასიის საცენზურო კომიტეტი XIX საუკუნის 80-90-იან წლებში(ძირითადი ტენდენციები)
საკვანძო სიტყვები:
კავკასიის საცენზურო კომიტეტი, XIX საუკუნეანოტაცია
სტატიის მიზანია, შესწავლილ იქნას ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც კავკასიის საცენზურო კომიტეტისათვის XIX საუკუნის 80 და 90-იანი წლებისათვის იყო დამახასიათებელი. ადრე შესრულებულ ნაშრომებში აღნიშნული გვქონდა, რომ ხსენებული საუკუნის 70-იან წლებში კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, რუსეთის იმპერიის მიერ გატარებული ეროვნული პოლიტიკა, იმპერიაში შემავალ ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან შედარებით, ლოიალური იყო, სიმკაცრე, ძირითადად იმ მიმართებით იყო გამოჩენილი, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური იდეების შემოტანასა და მათს გავრცელებას ეხებოდა, 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან და 90-იან წლებში კი ეს პოლიტიკა იცვლება და რუსეთის სახელმწიფო უკვე იმ მხრივაც იჩენს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რომ ეროვნულმა სულისკვეთებამ მისთვის საშიში ფორმები არ მიიღოს; ეროვნული და სოციალური თემატიკა ქართულ მწერლობაში ხშირად ერთმანეთთან ხდება შერწყმული, ქართველ მწერალთა მოღვაწეობაში შემოდის სოციალური თემები და ეროვნული თავისუფლება სოციალურ თეორიებს უშუალოდ უკავშირდება. გარდა იმისა, რომ ბევრი მწერლის შემოქმედებაში ეროვნული და სოციალური თემატიკა ერთმანეთს უახლოვდება, ქართულ მწერლობაში ისიც შეინიშნება, რომ არსებობს დაპირისპირება ეროვნულსა და იმ მოღვაწეებს შორის, რომელთათვისაც რევოლუციური იდეები ეროვნულზე უფრო მახლობელია, იმპერიისთვის კი ორივე ეს მიმართულება მიუღებელია და სიმკაცრის გამოჩენის ძირითადი მიზეზი, ჩვენი აზრით, სწორედ ეს გარემოებაა.
სტატია კავკასიის საცენზურო კომიტეტის საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ იმ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით არის შესრულებული, რომლებიც ნაკლებადაა შესწავლილი. XIX საუკუნის საარქივო მონაცემები, ცენზორთა მიერ აკრძალული მასალები, თვალნათლიც ადასტურებს, რომ ხსენებული საუკუნის 70-იანი წლების პოლიტიკა მკვეთრად განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელიც 80-90-იანი წლებისათვის იყო დამახასიათებელი.
არქივში დაცულია წერილი, რომელიც ცნობილ ქართველ პოეტს, აკაკი წერეთელს, ეკუთვნის; აქვე აღმოჩნდა არაერთი დოკუმენტი, რომელიც თავისი მსოფლმხედველობითა და სტილით ძალიან ჰგავს დიდი ქართველი ეროვნული მოღვაწის, პროზაიკოსისა და პოეტის, ილია ჭავჭავაძის ნაწერებს; ეს არის მასალები, რომლებიც გაზეთ „ივერიაში“ უნდა დაბეჭდილიყო და რომელთა გამოქვეყნება საცენზურო კომიტეტს აუკრძალავს. ნაშრომში გამოთქმულია მოსაზრება, რომ, შესაძლოა, ეს ნაშრომები უშუალოდ ჭავჭავაძეს არ ეკუთვნოდეს, მაგრამ, რამდენადაც იგი რედაქტორობდა „ივერიას“, ის მოსაზრება აშკარად დასაშვებია, რომ რედაქტორსაც უმუშავია ხსენებულ სტატიებზე და, ალბათ, ავტორებთან შეთანხმებით, თავისი ხელი დაუტყვია მათი ნაშრომებისთვის; თუმც, ისეთი სტატიაც გვხვდებ არქივში, რომელიც პირველ პირშია დაწერილი და რომელშიც ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებული ბიოგრაფიული ფაქტებიც მოჩანს, რაც ქმნის საჭიროებას, რომ მომავალში შესწავლილი იქნას, თავად ილია ჭავჭავაძეს ხომ არ ეკუთვნის ზოგიერთი სტატია.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .