ქართლის პირველი კათოლიკოსის, პეტრეს აღსაყდრების თარიღისათვის
საკვანძო სიტყვები:
მთავარეპისკოპოსი, ვახტანგ გორგასალი, ბინქარანი, კათალიკოსი, პეტრეანოტაცია
ქართლის სამეფოში კათოლიკოსის ინსტიტუტის დაარსების დრო და პირველი კათოლიკოსის
კურთხევა პირდაპირ კავშირშია ვახტანგ გორგასლის მეფობის ქრონოლოგიასთან, რადგან ცნობილია,
რომ ვახტანგმა ინდოეთში სპარსეთის შაჰთან რვაწლიანი ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ
ბიზანტიას კათოლიკოსის ქართლში გაგზავნა სთხოვა. ამავდროულად, მეფესა და ქართლის
მთავარეპისკოპოს მიქაელს შორის კონფლიქტი დაიწყო, რაც ამ უკანასკნელის ქვეყნიდან განდევნით
დასრულდა.
რადგან დღემდე ზოგიერთი მკვლევარი ვახტანგის ცხოვრების წლებად 442/445-502/505 წლებს
მიიჩნევს, ზოგი კი 431-491 წლებს ვარაუდობს, ამიტომ პირველი კათოლიკოსის, პეტრეს, ქართლში
ჩასვლის თარიღის დადგენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პეტრეს ქართლში ჩასვლის ქრონოლოგიის
დადგენის სირთულე იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ზოგიერთი მკვლევარი მას გაბრიელთან აიგივებდა,
რომელიც 506 წელს დვინის კრებას სავარაუდოდ კათოლიკედ ესწრებოდა, ზოგი კი სრულიად
უარყოფდა პეტრეს პირველ კათოლიკოსად ყოფნის იდეას და ქართლის პირველ კათოლიკოსად
„შუშანიკის წამებაში“ მოხსენიებულ „ეპისკოპოსთა მეთაურს“ სამუელს მიიჩნევდა. ყველაფერი
თავის ადგილზე დგება, როდესაც ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ახალ
ქრონოლოგიას განვიხილავთ და მის საფუძველზე ხელახლა ვაფასებთ ქართული წყაროების
ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
ვახტანგ გორგასალი შუშანიკის მოწამეობრივი სიკვდილის ეპოქაში არ მეფობდა. შუშანიკის
გარდაცვალების დროს (475 წელი) ის მხოლოდ 4/5 წლის იყო. შუშანიკი მამამისის, მირდატის
მეფობის დროს აღესრულა (მეფობის წლები - დაახლ. 466-478 წლები). 460-იანი წლებიდან
მოყოლებული, ე.ი. მეფე არჩილის მეფობის ბოლოდან ქართლის ეკლესიას სპარსული წარმოშობის
ქრისტიანი ეპისკოპოსები - მობიდან-მობედები ხელმძღვანელობდნენ. მათ შორის პირველი,
სამოელი, „შუშანიკის მოწამეობაში“ „ეპისკოპოსთა მეთაურად“ მოიხსენიება, ხოლო მისი
მემკვიდრის, მთავარეპისკოპოსის, იოველის სახელი მხოლოდ „ქართლის მოქცევის მატიანეში“ არის
შემონახული.
ვახტანგის მიერ ვარსქენის 484 წელს (და არა 482 წელს) მოკვლის, სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყების
წარუმატებლობისა და ახალგაზრდა ვახტანგის სპარსელ შაჰ კავადთან (488-496; 498-531) შერიგების
შემდეგ, იმ დროს ქართლის ეკლესიის ლიდერი მობიდან-მობედები სპარსეთის მიერ წარგზავნილმა
ბინკარმა, იგივე ბინკარანმა (დინკარი, მ. ანდრონიკაშვილის მიხედვით, ირანულ ენებზე „რელიგიის, რწმენის აღმსრულებელს“ ნიშნავს) შეცვალა. ეს პიროვნება „ქართლის მოქცევის მატიანეში“
გლონოკორის სახელით არის მოხსენიებული. გლონოქორი არის დამახინჯება, რომელიც
გამოწვეულია აბრევიატურის, გ(აბრიე)ლ(დი)ნკარის, არასწორად გაგებით. სპარსეთ-ბიზანტიის ომი,
რომელშიც ვახტანგი მონაწილეობდა, არის 502-507 წლების ომი. 504-506 წლებში კავადი ებრძვის
ვახტანგს და ჰუნებს (რომლებიც, წყაროების თანახმად, ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიაში შეიჭრნენ)
უკვე ქართლში. 506 წელს გაბრიელ დინკარი დაესწრო დვინის კრებას, მაგრამ იმავე წელს ვახტანგმა
შეიპყრო. გაბრიელმა გაქცევა მოახერხა და სპარსეთის ჯარი ქართლში შეიყვანა, მაგრამ მიწაზე
შესვლიდან მალევე გარდაიცვალა.
რატომ მოიხსენიებს ეპისტოლეთა წიგნი და მასზე დაყრდნობით უხტანესი გაბრიელს ქართლის
კათოლიკოსად? უხტანესი თავის ინფორმაციას ეპისტოლეთა წიგნიდან იღებს. ეპისტოლეთა წიგნში,
განსაკუთრებით სომხეთის კათოლიკოსის აბრაამის მიერ კირიონ ქართლის კათოლიკოსისადმი
გაგზავნილ წერილებში, სავარაუდოდ კირიონის გავლენით რომელიც იყო ქართლის კათოლიკოსი ამ
დროს, კირიონის შორეული წინამორბედიც, ქართლის ეკლესიის მეთაური (რომელსაც აბრაამი
კირიონისათვის მაგალითად იყენებდა) კათოლიკოსად მოიხსენიება აგრეთვე. ამავდროულად,
როგორც ეპისტოლეების წიგნში, ასევე უხტანესში შემონახულია იმ ეპისკოპოსების სია, რომლებიც
ქართლის მხრიდან მონაწილეობდნენ დვინის კრებაში. ორივე ტექსტში გაბრიელი მოხსენიებულია,
როგორც „გაბრიელი, მცხეთის გამოჩენილი ეპისკოპოსი“, რაც ხაზს უსვამს მის მიერ მცხეთის
მთავარეპისკოპოსის ტახტის პრყობას, რომელიც ამ ეპარქიის მთავარ საყდარში - სამთავროში იდგა.
506 წელს ვახტანგმა მიქაელი დანიშნა მთავარეპისკოპოსად გაძევებული გაბრიელის ნაცვლად და მას ზენონისა და ანასტასიუსის პოლიტიკის გატარება დაავალა. 508 წლისთვის ვახტანგი კავადთან ერთად ინდოეთში გაემგზავრა და 516 წლისთვის დაბრუნდა. 518 წელს ანასტასი გარდაიცვალა და ბიზანტიის ტახტზე იუსტინე I (518-527) ავიდა. ახალმა კეისარმა თავისი რელიგიური პოლიტიკა მკაცრად ქალკედონური მიმართულებით შეცვალა. ვახტანგი, თავის მხრივ, იძულებული იყო, შესაბმისად მოქცეულიყო და იუსტინეს სთხოვა ქალკედონელი პეტრეს კათოლიკოსად კურთხევა და ქართლში გაგზავნა. ჰენოტიკონის მიმდევრისთვის, მიქაელისთვის, ქალკედონელი პეტრეს ქართლის
კათოლიკოსად (ანუ მის უფროსად) კურთხევა მიუღებელი იქნებოდა, რაც მიქაელსა და მეფეს შორის
კონფლიქტს გამოიწვევდა. მოგზაურობის ხანგრძლივობის, პეტრეს კათოლიკოსად და მასთან ერთად თორმეტი ეპისკოპოსის კურთხევის დროისა და იმ დამატებითი ფაქტის გათვალისწინებით, რომ
კურთხეული პირები ქართლში გამგზავრებამდე ანტიოქიაში გაემგზავრნენ, გონივრულია
ვივარაუდოთ, რომ პეტრე კათოლიკოსი და ეპისკოპოსები ქართლში დაახლოებით 519-520 წლებში ან
ოდნავ გვიან ჩავიდნენ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .