პირველი მოგზაური ფოტოგრაფი ქალები კავკასიაში: ჟან დიოლაფუა, კარლა სერენა და ბელონი შანტრი

ავტორები

  • ანა ჭეიშვილი The Centre for Russian, Caucasian, Eastern European and Central Asian Studies, The School for Advanced Studies in the Social Sciences (CERCEC/EHESS) New National Museum of Monaco ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ფოტოგრაფია, XIX საუკუნე, კავკასია, მოგზაურები, ქალი ფოტოგრაფები, გრავიურა, ჟან დიოლაფუა, კარლა სერენა, ბელონი შანტრი

ანოტაცია

მეცხრამეტე საუკუნის ევროპელმა მოგზაურმა ქალებმა ჟან დიოლაფუამ (1851-1916), კარლა სერენამ (1824-1884) და ბელონი შანტრმა (1866-1952) კავკასიის ფოტოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. სამწუხაროდ, მათი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა დღესდღეობით უცნობი და შეუსწავლელია.

1881 წელს, მეუღლესთან ერთად სპარსეთისკენ სამეცნიერო მივლინებით მიმავალმა არქეოლოგმა და ჟურნალისტმა ჟან დიოლაფუამ სამხრეთ კავკასიაში ფოტოების სერია გადაიღო. დიდი ხნის მანძილზე ეს ფოტოები დაკარგული ეგონათ და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს პარიზის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინტიტუტის ბიბლიოთეკაში. დიოლაფუას მუშაობის სტილი, მის მიერ ნაჩქარევად გადაღებული კადრები, საკმაოდ განსხვავდება სერენასა და შანტრის მიერ შექმნილი კარგად გააზრებული კომპოზიციებისგან. კარლა სერენა, რომელმაც ასევე 1881 წელს მარტომ იმოგზაურა საქართველოში, განსაკუთრებით დაინტერესდა ადგილობრივი ცხოვრების სცენებითა და არქიტექტურით. მიუხედავად იმისა, რომ მის ფოტოებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მათ შესახებ საუბარი შესაძლებელია იმ გრავიურების მეშვეობით, რომლებიც ამ ფოტოების მიხედვით დაამზადეს. რაც შეეხება ბელონი შანტრს, რომელმაც 1890 წელს მეუღლესთან ერთად სამეცნიერო მივლინების ფარგლებში მოიარა საქართველო და სომხეთი, მან ყურადღება გაამახვილა ანთროპოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ფოტოგრაფიაზე. ბელონიმ სამოგზაურო ჩანაწერების გამოქვეყნებისას მიუთითა, რომ გრავიურები შესრულებული იყო მისი მეუღლის, ცნობილი არქეოლოგის ერნესტ შანტრის მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით; თუმცა ტექსტის შესწავლისას ჩანს, რომ სწორედ ბელონი იღებდა და ხშირად ადგილზევე ამჟღავნებდა ფოტოებს.

ის გამოწვევები, რის წინაშეც ეს ფოტოგრაფი ქალები აღმოჩნდნენ, ნათლად ასახავს XIX საუკუნის ფოტოგრაფთათვის საველე სამუშაოების სირთულეებს. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ეჭვის თვალით უყურებდა ფოტოაპარატს და ეს გარკვეულწილად ართულებდა სურათების გადაღების პროცესს.

სამივე მოგზაურის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა ჩვენამდე მოაღწია ფრანგულ ჟურნალში „Le Tour du Monde“ გამოქვეყნებული გრავიურების სახით. მიუხედავად იმისა, რომ გრავიურებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ პიონერი ქალი ფოტოგრაფების ვიზუალური მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, კვლევისას მაინც რთულია ამ გამოსახულებებზე დაყრდნობა: გრავურის დამზადებისას ნახატი ხშირად მხატვრის ინტერპრეტაციას უფრო წარმოადგენდა, ვიდრე ფოტოს რეპროდუქციას.

დიოლაფუას, სერენას და შანტრის ნამუშევრების ერთმანეთთან შედარებამ ცხადყო მუშაობის განსხვავებული სტილი და მიდგომები, რომლებიც ჩამოყალიბდა მათი განსხვავებული მიზნებითა და გარემოებებით. ქალი ფოტოგრაფების მიმართ მზარდი ინტერესის მიუხედავად, ამ სამი ფოტოგრაფის სახელი და მათ მიერ კავკასიაში მოგზაურობისას გადაღებული ნამუშევრები არ შესულა არცერთ ენციკლოპედიასა თუ ბეჭდურ ნაშრომში. მათი ნამუშევრების ხელახლა აღმოჩენა და შესწავლა მნიშვნელოვანია კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის შესასწავლად და იმ წვლილის დასაფასებლად, რაც ჟან დიოლაფუამ, კარლა სერენამ და ბელონი შანტრმა კავკასიის ვიზუალური ისტორიის დაფიქსირებაში შეიტანეს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-06

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები