ცხავატის ხეობის მოსახლეობა XIX საუკუნის 60-იან წლებში

ავტორები

  • დავით ახლოური გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

სტატისტიკური აღწერილობები, კამერალური სიები, ქსნის ერისთავები, საბატონო მამული, მიგრაცია

ანოტაცია

მდინარე ქსნის გარდა ქსნის ხეობა ცხრაზმულას, ჭურთულას, ცხავატურას, ალეურას, ნახიდურას და სხვა ხევებსაც მოიცავს.

ნაშრომში საუბარია ცხავატის ხეობის მოსახლეობის შესახებ XIX საუკუნის 60-იანი წლების კამერალური აღწერის მიხედვით. ამ დროს ცხავატის ხეობის სოფლები ტფილისის გუბერნიის გორის მაზრის ქსნის ნაწილში შედიოდა.

შესავალში საუბარია ცხავატის ხეობის ისტორიულ გეოგრაფიულ გარემოზე, მის როლზე ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. განმარტებულია ტოპონიმი „ცხავატი“.

ხეობის სიძველეებზე საუბრისას ყურადღება ეთმობა ჩუმაანთ უბანში მდებარე VIII-IX საუკუნეების მაცხოვრის ეკლესიას, რომლის აღმოსავლეთ ფასადზე განთავსებულია ხელოსან ინა კალატოზის მოსახსენებელი სამსტრიქონისანი ასომთავრული წარწერა. გამოკვეთილია „ცხავატური მეთუნეობის“ მდიდარი ტრადიციები და მევენახეობის როლი ცხავატელთა ცხოვრებაში.

ცხავატის ხეობის მოსახლეობის შესახებ მნიშვნელოვანი წყაროა XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქსნის საერისთავოს სტატისტიკური აღწერილობები, 1794-1799 წლების ქართლ-კახეთის სამეფოს აღწერა, 1803 წლის იოანე ბატონიშვილის საუფლისწულო აღწერის ცნობები, რუსული კამერალური აღწერები, რომლებიც სათანადოთაა შესწავლილი და შედარებულია XIX საუკუნის 60-იანი წლების კამერალურ აღწერასთან, რომელსაც საკვლევი თემიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მნიშვნელოვანი სიახლე ისიც, რომ მოცემული პერიოდის საარქივო მასალა ქვეყნდება პირველად.

ქსნის საერისთავოს სტატისტიკური აღწერილობებისაგან განსხვავებით, 1860 წლის აღწერაში  ცხავატის უბნები ცალკე სოფლებადაა წარმოდგენილი. ეს სოფლები იყო: ბუნტურთკარი, გოგიჩაანთკარი, ჟივთკარი, სუხაანთკარი, ღაროეთი, ციხის-სოფელი ანუ წინუბანი.

ბუნტურთკარში ყმები ეკუთვნოდათ ესტატე, ბიძინა და გიორგი ერისთავებს, ცხოვრობდა 4 კომლი, 19 მამაკაცი და 19 ქალი: ბუნტურები, ჩუმაშვილები და გოგიაშვილები. გოგიჩაანთკარში - დავით ივანეს ძე, დავით ლუარსაბის ძე და ბიძინა რევაზის ძე ერისთავებს, ცხოვრობდა 5 კომლი, 19 მამაკაცი და 27 ქალი: გოგიჩაშვილები და ჟივიძეები. ჟივთკარში - დავით ივანეს ძე, ესტატე მირმანოზის ძე, მანანა და გიორგი ერისთავებს, ცხოვრობდა 8 კომლი, 27 მამაკაცი და 21 ქალი: ჟივიძეები და ყურაულები. სუხაანთკარში - დავით ლუარსაბის ძე, კონა მირმანოზის ძე, გიორგი, ბიძინა და მანანა ერისთავებს, ცხოვრობდა 8 კომლი, 43 მამაკაცი და 26 ქალი: ბუნტურები და სუხაშვილები. ღაროეთში - დავით ივანეს ძე, კონა მირმანოზის ძე, ბიძინა რევაზის ძე და დავით ლუარსაბის ძე ერისთავებს, ცხოვრობდა 7 კომლი, 28 მამაკაცი და 13 ქალი: ბურდულები და მელთაურები. ციხის-სოფელში ანუ წინუბანში - დავით ივანეს ძე, ესტატე მირმანოზის ძე, ბიძინა რევაზის ძე და გიორგი ერისთავებს. ცხოვრობდა 12 კომლი, 40 მამაკაცი და 30 ქალი: ბუნტურები, კალომლეწავები და ხურიშვილები.

ცხავატის ხეობის მოსახლეობა ისტორიულად ქართული იყო.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-06

გამოცემა

სექცია

საარქივო მასალების პუბლიკაცია