ენგურის ხეობის ისტორიული და ისტორიულ-გეოგრაფიული წარსულიდან (ჯვრის ანუ ენგურის წყალსაცავის გასწვრივ)

ავტორები

  • პაპუნა გაბისონია თსუ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.51364/sourcestudies/JQLU2247

ანოტაცია

ენგური, საქართველოს ერთ-ერთი დიდი მდინარე, სათავეს ზემო სვანეთში იღებს. დაბა ჯვრის მახლობლად მდინარე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ნაგებობითაა გადაკეტილი. წყალსაცავის შევსების შემდეგ ამ ტერიტორიაზე მანამდე არსებული სოფლები წყლის ქვეშ მოექცა. ისტორიული და ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით ენგურის ხეობის ეს მონაკვეთი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან იგი საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონს — სამეგრელოსა და ზემო სვანეთს — შორის საზღვარს წარმოადგენს. დღეს წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვარი ენგურის წყალსაცავზე გადის. უძველესი დროიდან ამ ტერიტორიაზე გადიოდა ზემო სვანეთისკენ მიმავალი გზა, რომელიც დასავლეთ კავკასიონის მთიანეთს კოლხეთის დაბლობთან აკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მრავალი ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლია, ენგურის ხეობის შესახებ წერილობითი ცნობები მწირია. ყველაზე ადრეული ცნობები მხოლოდ XVII საუკუნეს განეკუთვნება. უფრო გვიანდელი პერიოდის შესახებ ინფორმაცია XIX საუკუნის ავტორთა — დ. ბაქრაძის, ა. სტოიანოვისა და გ. რადეს — ნაშრომებში გვხვდება. ენგურის ხეობის ერთ მონაკვეთზე ჯვარელ დადიანებსა და სვანეთის დადეშქელიანებს შორის დავა მიმდინარეობდა. მთიანი რელიეფით გამორჩეულ ხეობაში მრავალი შენაკადი ჩაედინება წყალსაცავში. წინამდებარე კვლევაში შევეცადეთ თანამედროვე რუკებზე არასწორად დაფიქსირებული დასახლებებისა და მდინარეების სახელწოდებების დაზუსტებას და ამავე ტერიტორიაზე შემორჩენილი მეგრული ტოპონიმების მნიშვნელობების განმარტებას. ხეობის მთავარი დასახლებაა ჯვარი, სადაც ენგურს შენაკადი მაგანა უერთდება. ახლომდებარე ომუნეში დგას საყარაულო კოშკი, ხოლო გუბანში ორი ძველი ეკლესიის ნაშთია შემორჩენილი. ხეობის მთავარი სოფელი იყო ხუდონი; შედარებით მცირე დასახლებებს წარმოადგენდა ხოკო, ფურაში, ცფეში, კაა, ბოგურჯელი, ტყვიში და მუნწყვა. ადგილობრივ მდინარეებს შორისაა ბარბალა, ტყვიშისღალი, ხობანეღალი, ეცი, რჩხინა, კაშღალი, გველეთონა და განჯიშღალი. ჩვენი მოსაზრებით, მთავარი მდინარის მეგრული სახელწოდება ინგირი (ენგური) დაკავშირებულია ადიდებული, ყინულივით ცივი წყლის წარმოდგენასთან, რაც შესაძლოა ენგურჰესის მშენებლობამდე მდინარის ხშირ ადიდებებს ასახავდეს. მდინარე მაგანას სახელწოდება კი შესაძლოა თახვს (მაგანა) უკავშირდებოდეს, რადგან მისი კალაპოტი ამ ცხოველისათვის დამახასიათებელ საბინადრო გარემოს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ხეობაში სახნავი მიწა შედარებით მცირე იყო, აქ მისდევდნენ სოფლის მეურნეობის რამდენიმე დარგს — ხორბლის, ხილისა და ბოსტნეულის მოყვანას. ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა იყო, განსაკუთრებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, თხის, ცხვრისა და ღორის მოშენება. მიმდებარე მთები მდიდარ საძოვრებს იძლეოდა, ხოლო ჯვარსა და ზემო სვანეთის სოფელ ლახამულას შორის აქტიური სავაჭრო ურთიერთობა არსებობდა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-08-17

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები